კომპანია “რუსთავის წყალი” დასაქმების ფორუმს მართავს

537

კომპანია "რუსთავის წყალი"  8 თებერვალს, 12:00 საათზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალურ თეატრში დასაქმების ფორუმს მართავს, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფორუმის მიზანია ტექნიკური, კომერციული და ადმინისტრაციული მიმართულებებით ახალი კადრების მოზიდვა და შერჩევა. შედეგად კომპანია „რუსთავის წყალში“  50 საუკეთესო კანდიდატი დასაქმდება.

ფორუმს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, კომპანია „რუსთავის წყალი“ განახლებას გეგმავს, რაც თავის მხრივ  გასულ წელთან შედარებით, სამჯერ მეტი –  5 მლნ ლარის ინვესტიციას გულისხმობს. კომპანიის ძირითადი საინვესტიციო მიმართულება ინფრასტრუქტურის განახლებაა.

შესაბამისად კომპანიისთვის აუცილებელია  ახალი კადრების მოზიდვა და პროფესიული გადამზადება, რისთვისაც  დასაქმების ფორუმი საუკეთესო საშუალებაა.

ფორუმში, სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაერთო და მათ სისტემაში (www.worknet.gov.ge), ქალაქ რუსთავიდან რეგისტრირებულ 2500 სამუშაოს მაძიებელს, ფორუმის აქტუალური პროფესიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დასაქმების ფორუმზე მოიწვია.

კომპანია „რუსთავის წყალი“ დასაქმების ფორუმის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს, სტაჟირების პროგრამასაც სთავაზობს. შერჩეული  საუკეთესო კანდიდატები კომპანიის ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში და  სერვის ცენტრში სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან.

ღონისძიებაზე, ,,რუსთავის წყალი“, სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს, რომლის თანახმად, კომპანია უზრუნველყოფს „მოდუსის“ დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტების და კურსდამთავრებულების გადამზადებას, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.

Comments
Loading...