ნიკოლოზ ჩხეტიანი დენდროლოგიური პარკის შესახებ გადაღებულ ფილმზე: გამაოგნებელია უდავო ფაქტების უხეში დამახინჯება

6

ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი „იმედინიუსთან“ საუბრისას, გამაოგნებელს უწოდებს სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმში გადმოცემულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს დენდროლოგიური პარკი „მაინც ერთ ადამიანს ეკუთვნის“.

„უკანასკნელი თვე-თვენახევრის განმავლობაში, მედიას პრაქტიკულად თვალს ვერ ვადევნებ, რადგან დაკავებული ვარ იმ უზარმაზარი, ორი მილიარდი ლარის ღირებულების აქტივების „დაბინავებით“, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლო დღეებში ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა „საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუს“ უსახსოვრა. შესაბამისად, მხედველობიდან გამომრჩა ანონსი სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის თაობაზე, რომელიც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მშენებლობას ეხებოდა. დღეს, სრულიად შემთხვევით, მეგობარმა გამიზიარა ფილმის ავტორის ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელშიც რეჟისორი ჯიუტად ამტკიცებს, რომ დენდროლოგიური პარკი „მაინც ერთ ადამიანს ეკუთვნის“. ვუსმენდი ქალბატონ ჯაშს და, სიმართლე გითხრათ, პირდაპირი მნიშვნელობით, ყურებს არ ვუჯერებდი. მას მერე, რაც მილიონზე მეტმა ადამიანმა სრულიად უფასოდ მოინახულა შეკვეთილის უნიკალური დენდროლოგიური პარკი და საყოველთაო აღტაცების რეზონანსმა „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორებიც კი დაადუმა (დარწმუნებული ვარ, ეს კადრები არ გამოეპარებოდა გამოცდილი რეჟისორის მახვილ მზერას და აუცილებლად მოხვდებოდა ფილმში), გამაოგნა ფილმის ავტორის აუხსნელმა სიჯიუტემ, უდავო ფაქტების უხეში დამახინჯებით, ნეგატიურ კონტექსტში წარმოეჩინა ის, რაც საყოველთაოდ ცნობილია.

1. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა პარკის მშენებლობის დაწყების ამბავი, ბიძინა ივანიშვილმა ცალსახად განაცხადა, რომ პარკი საჯარო მოხმარების იქნებოდა და როგორც ყოველთვის, შესასრულა პირობა – პარკი დღესაც ღია და სრულიად უფასოა დამთვალიერებლებისთვის;

2. დენდროლოგიური პარკი ჩვენს საქველმოქმედო ფონდს სხვა აქტივებთან ერთად გასული წლის ბოლოს არ გადმოეცა ერთადერთი მიზეზით – მისი მოვლა-პატრონობა ძალიან სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და იმ პირობებში, როცა მას საჯარო და უფასო სარგებლობის სტატუსი უნდა შეენარჩუნებინა, ეს ხარჯი ფონდის საწესდებო მიზნებიდან და ზოგადი პოლიტიკიდან გამომდინარე, რთულად დასაბუთებადი და გაუმართლებელი იქნებოდა, რის გამოც ფონდის დამფუძნებელმა გადაწყვიტა ამ ხარჯისგანაც გაეთავისუფლებინა ფონდი და კვლავ პირადად განაგრძო მისი საექსპლუატაციო ხარჯების დაფინანსება;

3. ამავე მიზეზით ითქვა უარი შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემაზე – ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს უფასო სარგებლობის პარკის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო მოცულობითი ხარჯი მძიმე ტვირთად არ უნდა დასწოლოდა და ხალხის ფული ამაში არ უნდა დახარჯულიყო.

თუ ყოველივე ამის მერე, ქალბატონ ჯაშს ისევ დარჩა უკმარისობის გრძნობა და წუხილი, რომ პარკი მაინც „ერთი კაცის საკუთრებაა“, ჩვენ, ფონდი „ქართუ“, ოფიციალურად ვთავაზობთ მას, პირად საკუთრებაში გადაიბაროს პარკი, ერთადერთი პირობით – შეუნარჩუნოს უფასოდ სარგებლობის სტატუსი და უზრუნველყოს პარკის გამართული ფუნქციონირება და მოვლა-პატრონობა“ – აცხადებს ნიკოლოზ ჩხეტიანი.

Comments
Loading...