კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 3.1%-ით გაიზარდა

282

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2017 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 601.1 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 19.8 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 380.1 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 220.9 მლნ ლარით.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 7.9 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 6.2 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.

2017 წლის სექტემბრის განმავლობაში 2.7 პროცენტით ანუ 277.0 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 10.4 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.42 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 1.14 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

Comments
Loading...