კოვზანაძე: მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება

22

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობის პოლიტიკური ხედვები და პრიორიტეტები იკითხება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სოციალური პასუხისმგებლობის გარდა, ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ბიზნესის სტიმულირებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეგიონალურ მხარდაჭერას. სოციალური ხარჯების წილი (ხარჯები განათლებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე) მთლიან საბიუჯეტო ასიგნებებში აღწევს 47.5%-ს. მომავალ წელს მთავრობა 2019 წლისგან განსხვავებით მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს. დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთავრობამ, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში მნიშვნელოვნად შეცვალა ბიუჯეტის კონსტრუქცია, გაითვალისწინა ბიუჯეტის შუალედური ვერსიის განხილვისას პარლამენტში გამოთქმული გარკვეული რეკომენდაციები.

სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტისგან განსხვავებით, საბოლოო ვერსიაში ხარჯვითი ნაწილი 221.0 მლნ ლარით მეტია და თითქმის 14 მილიარდ ნახევარია (14 მილიარდ 432მილიონ 866 ათას ლარს შეადგენს). გაზრდილია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 514.2 მილიონი ლარით და 14მილიარდ 554 მილიონ 200 ათას ლარია. ძალაში რჩება მომავალი წლიდან ხელფასების და პენსიების ზრდა.

Comments
Loading...