კოვზანაძე: კომერციულ ბანკს ზედმეტმა აჟიოტაჟმა და პოლიტიზებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს

37

მამუკა ხაზარაძეს შეეძლო მუქარის წერილის გასაჯაროვებისთვის პარლამენტის მაღალი ტრიბუნა გამოეყენებინა, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა არაერთხელ გამოთქვეს სურვილი, პარლამენტში მოსულიყვნენ და ბანკთან დაკავშირებულ მოვლენებზე ესაუბრათ და მათ ეს შესაძლებლობა გუშინ მიეცათ.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეთანხმებით, გამოვთქვი მზადყოფნა ჩვენს კომიტეტზე მათი მოწვევის და მოსმენის. თითოეულ დეპუტატს გუშინ ჰქონდა შესაძლებლობა დაესვა კითხვები, ხოლო ბატონებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს წარმოედგინათ საკუთარი ხედვები და თავისი პოზიცია დაეფიქსირებინათ”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ამავე დროს, კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს არ მოუთხოვიათ, აღნიშნული შეხვედრა ეროვნული ბანკის მონაწილეობით ჩატარებულიყო. მისივე თქმით, კომიტეტის სხდომაზე მამუკა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან შანტაჟს ჰქონდა ადგილი, რასაც მყისვე გამოეხმაურა რეგულატორი ოფიციალური განცხადებით, რომ ის მხოლოდ კანონით დაკისრებულ ფუნქციას ასრულებდა.

“მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებით უფრთხილდება მის დამოუკიდებლობას”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასაგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. აღნიშნული გუშინვე უარყო თავად შს მინისტრმა.

“თუკი ასეთი წერილი არსებობდა, ბატონ მამუკა ხაზარაძესა და ბატონ ბადრი ჯაფარიძეს შეეძლოთ, გამოეყენებინათ პარლამენტის მაღალი ტრიბუნა და გაესაჯაროვებინათ იგი”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკთან” დაკავშირებული გადაწყვეტილებები ლონდონში მიიღეს აქციონერებმა, მათ შორის, ისეთმა სერიოზულმა საერთაშორისო ინსტიტუტებმა, როგორც ევრობანკი და “ჯეი პი მორგანია”. ამ გადაწყვეტილების თანახმად, “თიბისი ბანკი” წყვეტს ეროვნულ ბანკთან დავას, გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას, შეიყვანს დამოუკიდებელ დირექტორებს სამეთვალყურეო საბჭოში და იზრუნებს კორპორაციული მართვის გაუმჯობესებაში.

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კომერციულ ბანკს ზედმეტმა აჟიოტაჟმა და პოლიტიზებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს, პირველ რიგში კი, მის ინვესტორებს. “თიბისი ბანკი” საქართველოსა და რეგიონის საფინანსო სექტორის ერთ-ერთი უპირობო ლიდერია და ჩვენი მოვალეობაა, მას მოვუფრთხილდეთ”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

Comments
Loading...