კოვზანაძე: “ესტონური მოდელის” რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს

50

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ) პროექტის ხელმძღვანელს, ზინა ჰეერს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს მოგების გადასახადით დაბეგვრის რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე (RIA) მუშაობის მიმდინარეობა, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ახორციელებს. აღნიშნული რეფორმა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ხორციელდება, რაც გულისხმობს გადავადებული მოგების გადასახადის სისტემაზე, ე.წ. “ესტონურ მოდელზე” გადასვლას.

“ამ რეფორმის მიზანი იყო ქვეყანაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ბიზნესის წამოწყების, ასევე წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოსა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. რეფორმის შეფასებაზე მუშაობა ჩვენს კომიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. მოეწყო არაერთი შეხვედრა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩაიწერა ინტერვიუები და შეგროვდა მონაცემები. ვფიქრობ, დოკუმენტი გამოავლენს რეფორმის მიღწევებსა და გამოწვევებს. მადლობას გიხდით დახმარებისთვის, რომელიც GIZ-მა ამ კუთხით პარლამენტს გაუწია”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

“ესტონური მოდელის” რეფორმის შეფასებაზე მუშაობა GIZ-თან, საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია PwC-სა და საერთაშორისო ეკონომიკურ სკოლასთან (ISET) თანამშრომლობით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო. დოკუმენტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, რომელიც მოიცავდა ტრენინგებსა და შეხვედრებში მონაწილეობას, ასევე კვლევით პროცესებში აქტიურ ჩართულობას.

Comments
Loading...