კობა გვენეტაძე: 2021 წელს რეალური მშპ-ის 10%-იან ზრდას მოველით

24

2021 წელს რეალური მშპ-ის 10%-იან ზრდას მოველით. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნა იქნება, – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

მისი თქმით, მაღალ შიდა მოთხოვნას, ერთი მხრივ, ფისკალური სტიმული და საკრედიტო აქტივობა განაპირობებს, ხოლო, მეორე მხრივ, ის პანდემიის გამო ეკონომიკის ჩაკეტვისას დაგროვებული და გადავადებული მოხმარების ასახვაცაა.

„მომავალ წელს ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენასთან ერთად, რეალური მშპ 5%-ით გაიზრდება. აქვე აღსანიშნავია, რომ შედარებით მძლავრი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ეკონომიკის პოტენციური დონიდან ჩამორჩენა პრაქტიკულად აღმოიფხვრა და, წინა პერიოდებისგან განსხვავებით, როდესაც შიდა აქტივობა ჯერ კიდევ სუსტი იყო, მზარდი შიდა მოთხოვნა ფასების ზრდას ვეღარ გაანეიტრალებს. დამატებითი ინფლაციური ზეწოლის აღმოსაფხვრელად მონეტარულ პოლიტიკას გამკაცრებულ დონეზე ვინარჩუნებთ. ამასთან, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შეიძლება, მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო. დღევანდელი გადმოსახედიდან, მიმდინარე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და ფასებზე მოქმედი დროებითი შოკების მილევის კვალდაკვალ, მომავალ წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად მხოლოდ ინფლაციის მნიშვნელოვანი კლების შემდეგ შევამცირებთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Comments
Loading...