კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკის მიზანი ფასების სტაბილურობაა

386

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც წინანდალში გაიმართა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მედიას დეტალურად გააცნო ის ფაქტორები, რამაც განაპირობა კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

"როგორც მოგეხსენებათ, კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ გადავწყვიტეთ მონეტარული პოლიტიკის სხდომები დედაქალაქის გარდა ქვეყნის სხვადასხვა მხარეში ჩავატაროთ. ასეთი პირველი სხდომა გვქონდა ქუთაისში, დღეს კი კახეთში ვატარებთ. ასეთი შეხვედრები გვეხმარება ერთი მხრივ ადგილობრივ მედიასა და ბიზნეს საზოგადოებასთან ჩვენი გზავნილების უკეთესად მიტანით და მეორე მხრივ, ვიღებთ ინფორმაციას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისა და გამოწვევების შესახებ.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღევანდელ, 2017 წლის 2 მაისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 7.0 პროცენტამდე გაზრდის შესახებ.

ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს, იმის მიხედვით თუ რა არის მოსალოდნელი მომავალში ინფლაციის კუთხით. არსებული პროგნოზით ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, დროებითი ფაქტორების გამო 2017 წლის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა დარჩება, თუმცა ამ ფაქტორების ამოწურვის შედეგად, 2018 წელს იგი შემცირდება და 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება", – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებით.

"ეროვნული ბანკის მიზანი არის ფასების სტაბილურობა, რაც თავის მხრივ, ნიშნავს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის ახლოს შენარჩუნებას. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან მიმდინარე ეტაპზე ან მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია შეიძლება გადახრილი იყოს სამიზნე მაჩვენებლიდან (როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით), მაგრამ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად საშუალოვადიან პერიოდში ის დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს", – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...