კობა გვენეტაძე: გალარების პროგრამაში მონაწილეობა მსესხებელს სავალუტო რისკების მოაშორებს

512

სესხების გალარების პროგრამასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. მათგან მოისმინა პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

"დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის შედეგები და საკითხები, რომელიც დაგროვდა ორი კვირის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ გალარების ერთჯერადი პროგრამა ორი კვირის წინ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ რა შედეგები იქნება და რა ოდენობის სესხების გალარება მოხდება, ზუსტად ამ ადრეულ ეტაპზე სჯობს იმ საკითხების განხილვა, რაც დაგროვდა. მაგალითად, ფილიალებში სესხის ისტორიის მიუხედავად, მსესხებელს შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი შესთავაზეს, ამავე დროს იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც კლიენტი კვალიფიცირდებოდა მსესხებლად, რომ შეძლებოდა გალარების პროგრამაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ბანკში მას უარი ეთქვა. ეს ტექნიკური საკითხები ნამდვილად მოსალოდნელი იყო ამ ეტაპზე და სწორედ ამიტომ გაიმართა შეხვედრა.

რაც შეეხება ზოგადად პროგრამას, მინდა მოვუწოდო მსესხებლებს, რომ აუცილებლად შეხედონ გალარების პროგრამას იმ კუთხიდან, რომ აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა მათ საშუალებას მისცემს, რომ მოიშორონ სავალუტო რისკები. ანუ იმ შემთხვევაში, თუ სესხი დოლარშია და შემოსავალი ლარში, სჯობს, რომ სავალუტო რისკზე დამოკიდებულება შემცირდეს. ბევრი ანალიზი კეთდება სხვადასხვა ექსპერტის მიერ სხვადასხვა გადაცემაში. სამწუხაროდ, ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რა თანხის გადახდა იქნება აუცილებელი ერთ და მეორე შემთხვევაში, მაგრამ რატომღაც მთავარი საკითხი, რომ ეს არის შესაძლებლობა სავალუტო რისკის შემცირებისა, იკარგება.

მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მსესხებლებს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია სესხების სხვა ბანკებში გადატანა ე.წ. პორტირება და არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ იმით, რასაც მიიღებენ მხოლოდ ერთ ბანკში. აუცილებლად შეამოწმონ მეორე ან მესამე ბანკი, სადაც შესაძლოა უკეთესი პირობებიც კი შესთავაზონ. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსდება კალკულატორი, რომელიც საშუალებას მისცემს მსესხებლებს, რომ გააკეთონ შედარება, თუ რა გადახდები იქნება სხვადასხვა შემთხვევაში", – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კომერციულ ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულებისათვის საბანკო ვალდებულებების გადავადების თემაზეც იმსჯელა.

"აღნიშნული საკითხი დაისვა ბანკების წარმომადგენლებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკს სურს, რომ მსესხებლებს შუამდგომლობა გაუწიოს კომერციულ ბანკებთან იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც მათ აქვთ, რათა შეძლებისდაგვარად გადაუვადონ ასეთი სესხები. ეს არის როგორც მსესხებლის, ისე კომერციული ბანკების ინტერესებში. კომერციულმა ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ეს სიძნელეები და გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც ამ პირობებში არის შესაძლებელი", – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Comments
Loading...