კობა გვენეტაძე გალარებაზე: ეს ის დაზღვევაა, რომელსაც მთავრობა მომხმარებელს სთავაზობს

413
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადების მიხედვით, ბანკების მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 2018 წლის ბოლომდე 50 მილიონამდე გაიზრდება. შესაბამისი განცხადება მან ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
 
"გალარების პროგრამა ნებაყოფლობითია და ყველა მომხმარებელმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამის შესახებ. განმარტებაში, კალკულატორის მიხედვით, რომელიც ახლა განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, თუ რა ურჩევნია მომხმარებელს. რა თქმა უნდა, უკეთესია, რომ როდესაც არის საშუალება, სავალუტო რისკი უნდა მოიშორო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის მსესხებლები, რომელთაც აქვს ეს ვალდებულებები დოლარებში და რომელთა შემოსავალი არის ეროვნულ ვალუტაში, უკეთეს სიტუაციაში იქნებიან, თუ გალარებას გააკეთებენ. ეს ის დაზღვევაა, რომელიც მთავრობამ მომხმარებელს ამ მოკლე პერიოდში შესთავაზა, მათ, ვისაც გაუჭირდა სესხის დაბრუნება ლარის კურსის გაუფასურების გამო.
 
რაც შეეხება ტემპებს, ტემპები არაა ძალიან მაღალი. დღეს დაახლოებით 25 მილიონია გალარებული. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კომერციულ ბანკებთან, რათა მათ უკეთესად განმარტონ, თუ რას ნიშნავს გალარება და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდება ეს პროგრამა", – აღნიშნავს კობა გვენეტაძე.
 
შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოს სტუმრობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი იყო სამწლიანი ეკონომიკური პროგრამის განხილვა, რომელსაც მხარს დაუჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში.
 
მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში სამწლიანი პროგრამის დაწყებაზე, რომელიც დაფინანსდება 285 მილიონი აშშ დოლარით "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით".
Comments
Loading...