ბრიტანეთი რუსეთს მთავარ საფრთხედ ასახელებს, ჩინეთს აფრთხილებს და აცახდებს, რომ უფრო მეტ ბირთვულ ქობინს შექმნის

3

რუსეთი არის ბრიტანეთის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა, დიდი ბრიტანეთი შექმნის მეტ ბირთვულ იარაღს და ლონდონი გააფართოვებს ყოფნას კოსმოსურ და კიბერსივრცის მაღალტექნოლოგიურ სფეროებში, – განაცხადა სამშაბათს პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

თავისი მიზნების მისაღწევად, ბრიტანეთის მთავრობას სურს თავდაცვის ხარჯების გაზრდა 24 მილიარდი გირვანქა სტერლინგით (33,3 მილიარდი დოლარით) მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

მთავრობამ ასევე აღუთქვა ათობით მილიარდი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია სხვა სფეროებს, მათ შორის 15 მილიარდი გირვანქა სტერლინგი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კვლევისა და განვითარებისათვის, 17 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტი კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად და ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაციისთვის და 13 მილიარდ გირვანქა სტერლინგს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და ეკონომიკური პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიოში, იგი შეიცავს ნატო-ს ალიანსის მკაცრ ვალდებულებას, ასევე პირობას დებს, რომ გააფართოებს ბრიტანეთის როლს გლობალურად.

“ჩინეთიდან მომდინარე მზარდი ძალა და საერთაშორისო თავდაჭერილობა, სავარაუდოდ, 2020-იანი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფაქტორია”, – ნათქვამია გამოკვლევაში, რომელშიც პეკინი აღწერილია, როგორც “უდიდესი ეროვნული საფრთხე დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის”.

მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ ჯონსონმა პარლამენტთან საუბრისას გააკრიტიკა ჩინეთი სინძიანის პროვინციაში უიღურთა მასობრივი დაკავებებისა და ჰონგ კონგში დემოკრატიის დამცველების მიმართ ცუდი მოპყრობის გამო, მაგრამ აღნიშნა, რომ ლონდონმა პეკინთან უნდა იმუშაოს გლობალური პრობლემების გადასაჭრელად.

“ეჭვგარეშეა, რომ ჩინეთი მთავარი გამოწვევა იქნება ღია საზოგადოებისთვის, როგორიც ჩვენნაირია, მაგრამ ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ჩინეთთან, ეს ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებში შედის, მათ შორის მტკიცე და პოზიტიური ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება და კლიმატის ცვლილების მოგვარება.” – განაცხადა ჯონსონმა.

116 გვერდიან მოხსენებაში, სახელწოდებით “გლობალური ბრიტანეთი კონკურენციის ხანაში”, ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკა რუსეთისკენ არის მიმართული.

“რუსეთი რჩება ყველაზე სერიოზულ პირდაპირ საფრთხედ ბრიტანეთისთვის”, – ნათქვამია მოხსენებაში.

“რუსეთი ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს რეგიონში და ჩვენ ვითანამშრომლებთ ნატოს მოკავშირეებთან, რათა უზრუნველვყოთ დასავლეთის ერთიანი რეაგირება სამხედრო, სადაზვერვო და დიპლომატიური ძალისხმევის კომბინირებით”, – ნათქვამია მოხსენებაში.

შეკავების სტრატეგიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი გაზრდის ბირთვული ქობინების რაოდენობას 260-მდე.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ წყალქვეშა ფლოტი ახალი გემებით შეივსება 2030-იანი წლების დასაწყისში.

დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრიტანეთის ნატო-ს მიმართ ბირთვულ ვალდებულებებს და ნათქვამია, რომ ძალებს შეეძლებათ თავიანთი ევროპელი მოკავშირეების, ისევე როგორც ბრიტანეთის დაცვა.

გაერთიანებული სამეფო ასევე განახორციელებს საზღვარგარეთის სამხედრო ობიექტების განახლებას ისეთ ადგილებში, როგორიცაა სინგაპური, ომანი, კენია და გიბრალტარი.

მომავალი წლისთვის დიდი ბრიტანეთი გეგმავს შოტლანდიიდან კომერციული სატელიტების კოსმოსში გაშვებას.

კიბერ სფეროს მხრივ, მოხსენებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფო მესამე ყველაზე ძლიერი კიბერძალაა მსოფლიოში. ის შეეცდება გამოიყენოს ეს ძალა ახალ ეროვნულ კიბერძალებში, რომლებიც ინტეგრირებული იქნება კონტრტერორისტულ და სამხედრო ძალებში.

Comments
Loading...