კვლევის მიხედვით, გლობალური დათბობა მსოფლიოში ლუდის დეფიციტს გამოიწვევს

66

გლობალური დათბობა და კლიმატის სხვა ცვლილებები ნეგატიურად აისახება ქერის მოსავალზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც ლუდის დეფიციტსა და ამ სასმელის გაძვირებას გამოიწვევს. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც Nature Plants-ში გამოქვეყნდა და რომლის შესახებაც The Guardian წერს.

მეცნიერები, კლიმატის მოდელის მეშვეობით შეეცადნენ გაერკვიათ, თუ რა გავლენას იქონიებს ამინდის ექსტრემალური პირობები ქერის მოსავალზე უახლოესი 80 წლის განმავლობაში. შემდგომ, ეკონომიკური მოდელის საშუალებით მათ გამოთვალეს, თუ რა გავლენას იქონიებს ეს ლუდის წარმოებასა და ფასზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე არასასურველი სცენარის შემთხვევაში ქერის დეფიციტი მოხდება, რაც აუცილებლად აისახება ლუდის წარმოების მოცულობასა და ფასზე. მოსალოდნელია, რომ ეს განსაკუთრებით დაარტყამს ლუდის მწარმოებელ მთავარ ქვეყნებს, მათ შორის ბელგიას, ჩეხეთსა და ირლანდიას.

მეცნიერების მოსაზრებით, ლუდის ფასების მატების მხრივ ლიდერი ქვეყანა პოლონეთი იქნება. მკვლევარების თქმით, არასასურველი სცენარის განვითარების შემთხვევაში, პოლონეთში ლუდის ფასი 377%-ით გაიზრდება. მას მოსდევს ჩეხეთი, სადაც ანალოგიური მაჩვენებელი 143% იქნება, ხოლო სამეულს კანადა ხურავს, სადაც ლუდის ფასი შესაძლოა 133%-ით გაიზარდოს.

Comments
Loading...