კვლევა: ქალთა კარიერულ წინსვლაზე მოქმედი ფაქტორები საქართველოში

429

საქართველოში პირველი ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდა, რომელმაც ქალების კარიერულ წინსვლაზე მოქმედი ფაქტორები შეისწავლა.

სულ ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1350 ქალი. შედეგების თანახმად, საქართველოში მცხოვრები ქალების 49 % საკუთარი პროფესიით არ მუშაობს. 

გამოკითხულ ქალთა 20 % დაუსაქმებლობას შვილების აღზრდით ხსნის. კვლევის თანახმად ქალთა პოპულაციაში დაბალია თვითშეფასების უნარი. გამოკითხული ქალების 14 % მიიჩნევს, რომ მამაკაცის გონებრივი შესაძლებლობები ქალისას აღემატება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას გადაწყვეტილების მიღება უჭირს, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებს.

 კარიერული წინსვლის საჭიროებებად კვლევის მონაწილე პირები უცხო ენების შესწავლას, კომპიუტერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, თვითრწმენის გამყარებას და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესების საჭიროებას ასახელებენ.

გამოკითხვისას ქალებს სამსახურში განცდილი  ძალადობის შესახებაც მოუწიათ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. კერძო სექტორში დასაქმებული ქალების 21 %,  ხოლო საჯარო სექტორში დასაქმებული ქალების 8 %  შეკითხვას – განგიცდიათ თუ არა სიტყვიერი, ფიზიკური ან სქესობრივი ძალადობა სამსახურში – დადებითად პასუხობს.

ასევე, გამოკითხულ ქალთა 32 % მიიჩნევს, რომ მათი პროფესიული კარიერა მამაკაცად დაბადების შემთხვევაში უკეთ წარიმართებოდა.

ქალების გამოკითხვა მონაცემთა კვლევის ჯგუფმა (DRG) 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის თებერვალში დაასრულა.

Comments
Loading...