კვირიკაშვილი: ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად გადაიქცა

215

"ტურიზმი, ნამდვილად, გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად. 2017 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში 7,5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება და  2018 წელი დასრულდება რიცხვით, რომელიც  8 მლნ-ს გადააჭარბებს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტენდენციაა. ასევე, კარგია ის, რომ 2,7 მილიარდი დოლარი შემოვიდა ტურიზმის გზით საქართველოში 2017 წლის განმავლობაში, რაც არის შემოსავალი ჩვენი ეკონომიკის ყველა სფეროში, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელიც ახლადგახსნილ სასტუმრო "მოქსი"-ში გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ გეოგრაფიული მდებარეობა არ უნდა იყოს ბარიერი ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის. ამ ნაწილში, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მიერ შემუშავებული ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მიმართულებაზე, სივრცითი მოწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება გახლავთ სივრცითი განვითარება და ყველა ეს მიმართულება ძალიან მჭიდრო, ლოგიკურ, ჰარმონიულ კავშირშია ერთმანეთთან. სწორედ, სივრცითი მოწყობა გულისხმობს იმას, რომ გეოგრაფიული მდებარეობა არ იყოს ბარიერი ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის. თანამედროვე ინფრასტრუქტურის მიყვანა ტურიზმისთვის საინტერესო ყველა მიმართულებით არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს განვითარებისთვის.

სწორედ, ამას ემსახურება ავტობანების მშენებლობა, ზამთრის ინფრასტრუქტურის განვითარება და ამას ემსახურება, ასევე, მომსახურების სფეროში აუცილებელი ინფრასტრუქტურის ჩონჩხის შექმნა, რომელიც პირდაპირ აისახება ტურიზმის სფეროს განვითარებაზე. ასე რომ, ამ მიმართულებთ მთავრობის ძალისხმევა გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის ეს პოზიტიური ტენდენცია რომელიც დღევანდელ დღეს გვაქვს სახეზე, აუცილებლად შენარჩუნდება მომავალში", – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

Comments
Loading...