კვიჟინაძე: ვმუშაობთ, რომ “შავ სიაში” მყოფ 600 000 პირს, რომლებსაც დავალიანება ჩამოეწერება, 150 ათასი დაემატოს

43

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი პაატა კვიჟინაძე მედიასთან აცხადებს.

“ეს არ არის ახალი გადაწყვეტილება. როგორც იცით, პრემიერმა განაცხადა როდესაც მობრძანდა, რომ ქვეყანა წავა ეკონომიკის განვითარების ინკლუზიური კუთხით. ანუ, ეკონომიკის განვითარება უნდა შეეხოს ყველა მოქალაქეს.

ერთი მიმართულებით ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელსაც ეროვნული ბანკი 1 იანვრიდან აამოქმედებს და მადლობა ფონდ “ქართუს”, რომელიც დააფინანსებს მოქალაქეების ვალებს, რომლებიც 2 ათას ლარს ქვემოთ არის.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საუბარია ძირ თანხაზე. შეიძლება გადასახდელი მეტი იყოს, მაგრამ ძირი უნდა იყოს 2 ათას ლარზე ნაკლები. ეს არის დიდი საქმე, იგი შეეხება ჯერჯერობით 600 ათას ადამიანს.

გრძელდება მუშაობა, რომ კიდევ 150 ათას შეეხოს და საერთო ჯამში მილიარდ-ნახევრამდეა თანხა. ეს არის შავ სიაში მყოფი ადამიანები, რომლებიც მოწყვეტილი არიან დღეს ეკონომიკურ ცხოვრებას და გარიყული არიან ეკონომიკური საქმიანობისგან.

შეიძლება ძირი იყოს 2 ათასი და პროცენტი 5, მაგრამ თუ ძირი არის 2 ათას ლარამდე, ყველას ეხება, დაიფარება მთლიანად. ეს ბანკებს არ დააზარალებს, ამას ცალსახად ვამბობ, ბანკები არის ეკონომიკური განვითარებისთვის ძირეული და მოხდება ვალების გადახდა ფონდ “ქართუს” მიერ”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი პაატა კვიჟინაძე.

Comments
Loading...