კენ ვოლკერის კლინიკაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება

14

3 დეკემბერს, კენ ვოლკერის სახელობის სარეაბილიტაციო კლინიკაში (მის: გუდმაყრის #4) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება.

ამ დღეს ყველა დაინტერესებულ ადამიანს  შესაძლებლობა აქვს  გაეცნოს კლინიკის გარემოს და უფასოდ ჩაიტაროს  სარეაბილიტაციო თერაპიები, როგორიცაა აკვა თერაპია, არტ თერაპია, რობოტოთერაპია და სპეციალისტების დახმარებით საკუთარ თავზე გამოსცადოს ეგზო-ჩონჩხი რობოტი.

გარდა ამისა, მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ  ადაპტირებული ავეჯის სახეობებს/ტიპებს და მოსინჯონ მაღალტექნოლოგიური თანამედროვე ადაპტაციური საშუალებები.

ღია კარის დღე განკუთვნილია როგორც დიდებისთვის, ასევე  პატერებისთვისაც. რეგისტრაციისთვის აუცილებელია დარეკოთ ცხელ ხაზზე: 032 2 11 20 20 პაციენტთა ჩაწერა მიმდინარეობს 10:00-18:00 საათამდე.

ერთად ვიბრძოლოთ თანაბარი უფლებებისთვის – ერთად ვიზეიმოთ ეს დღე!

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო სარეაბილიტაციო კლინიკა ფუნქციონირებს 2020 წლიდან. კლინიკის შენობა და ინფრასტრუქტურა საგანგებოდ დაპროექტდა სარეაბილიტაციო სერვისის საჭიროებისათვის და დღესდღეობით წარმოადგენს წამყვან თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ სარეაბილიტაციო ცენტრს მთელ ამიერკავკასიაში.  მისი შიდა და გარე სივრცეების გეგმარება სრულად ითვალისწინებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტს. კლინიკის შენობა და ეზო კეთილმოწყობილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. თერაპიული ოთახები და დარბაზები აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკითა და ავეჯით. აქ ფუნქციონირებს ღია სპორტული მოედანი, საცურაო აუზი და დასარჩენი/სასტუმრო ოთახები პაციენტებისათვის. კენ ვოლკერის კლინიკის ხედვაა მაღალი ხარისხის მულტიპროფილური სარეაბილიტაციო მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისათვის, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით. კლინიკის მისიაა, დახვეწოს რეაბილიტაციის მომსახურება ინოვაციური სერვისების დანერგვის, განათლების ხელშეწყობის, კვლევების განხორციელებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის გზით.

ინფორმაცია ეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა, კერძოდ, ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის 47/3 რეზოლუციით, 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.  მას შემდეგ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. რეზოლუციის მიზანი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვა და  მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, ასევე, ცნობიერების ამაღლება ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური  და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში. ამ დღის მიზანია, კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ათწლეულების მუშაობის შემდეგ, 2006 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენცია, რომელმაც წინ წამოწია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის საკითხები. 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის (UN CRPD) რატიფიცირება მოახდინა, რომელიც ძალაში 2014 წლის 12 აპრილს შევიდა.

Comments
Loading...