კახა კალაძე: ყველა ინფრასტრუქტურული მსხვილი პროექტი 15 სექტემბრისთვის დასრულდება

58

თბილისის მერმა დედაქალაქში მიმდინარე მასტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და სატრანსპორტო შეფერხებებისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რათა 15 სექტემბრისთვის ყველა გზა მოწესრიგებული იყოს.

"ჩვენ ახლა ვიმყოფებით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც ასფალტის გამოცვლა მიმდინარეობს. დაახლოებით ორ კილომეტრამდე მონაკვეთზე საკმაოდ დაზიანებული იყო და გადავწყვიტეთ მისი შეცვლა. ერთი ნაწილი, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია, აგვისტოს ბოლოს დასრულდება, ხოლო მეორე ნაწილი 15 სექტემბრისთვის იქნება დასრულებული.

ყველა ინფრასტრუქტურული მსხვილი პროექტი, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, 15 სექტემბრისთვის დასრულდება. პირველ ეტაპზე მოხდება ასფალტის სრულად მოწესრიგება და ავტომობილით გადაადგილება შეუფერხებლად შეგეძლებათ", – აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, ერთდროულად სხვადასხვა მასშტაბური პროექტის წამოწყება ცენტრალური ხელისუფლების დამსახურებაც არის, რომელმაც დედაქალაქისთვის დამატებითი ფინანსები გამოყო.

"დედაქალაქს ასეთი მასშტაბური პროექტები, ერთი წლის განმავლობაში, ერთდროულად არ ახსოვს. რა თქმა უნდა, ეს ცენტრალური ხელისუფლების დამსახურებაც არის, რადგან დამატებითი ფინანსები გამოგვიყვეს. გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე კომფორტული და მოწესრიგებული. ადამიანებს ამ ქალაქში ცხოვრება უნდა უხაროდეთ", – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, პროექტების განხორციელების მეორე ეტაპზე ტროტუარები მოწესრიგდება. კოსტავას გამზირზე კი ველობილიკის გაკეთება იგეგმება, რომელიც პეკინის ქუჩას დაუკავშირდება.

Comments
Loading...