“კარფური” და მისი მომხმარებლები მარტოხელა ხანდაზმულების და სოციალურად დაუცველების მხარდასაჭერ კამპანიაში ერთვებიან

127

საქართველოს წითელი ჯვარი 30 ნოემბრიდან კვლავ იწყებს კამპანიას სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისა და Covid-19 დადასტურებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდასაჭერად. დღეიდან თბილისი მოლის კარფურის ფილიალის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შემუშავებული საჭიროებების სპეციალური სიიდან და მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში. საქველმოქმედო კამპანიას ეტაპობრივად შეურთდება კარფურის სხვა ფილიალებიც. აღნიშნულ ღონისძიებას გახსნის საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე და კომპანია კარფურის გენერალური დირექტორი, კრისტოფ ორსე.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არიან ადამიანები რომლებიც დღეს ფიქრობენ არამხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახებზე, არამედ იმ ადამიანებზეც რომლთაც შესაძლოა ყველაზე მეტად უჭირთ. ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ აღნიშნული პროექტი გაზაფხულზე, როდესაც მოქალაქეების მაღალი აქტივობით შეგროვდა ამანათების ძალიან დიდი რაოდენობა და საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეების თავდაუზოგავი შრომით ჩვენ შევძელით უამრავი ადამიანის დახმარება ქვეყნის მასშტაბით.

მინდა მოვუწოდო ყველა ჰიპერმარკეტს ჩაერთონ ამ საქველმოქმედო კამპანიაში რათა დავეხმაროთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეებს ”- განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ.

“მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა, შევუერთდეთ მნიშვნელოვან სოციალურ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამ რთულ პერიოდში, მარტოხელა ხანდაზმულები ყველაზე დიდ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან და აღსანიშნავია, რომ დღეიდან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის, წითელი ჯვრის ინიციატივით, არა მხოლოდ კარფურს, არამედ ჩვენს მომხმარებლებსაც ექნებათ შესაძლებლობა შეიტანონ თავიანთი წვლილი ხანდაზმულებისა და თვითიზოლაციაში მყოფი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდასაჭერად”. – განაცხადა კომპანია კარფურის გენერალურმა დირექტორმა, კრისტოფ ორსემ.

Comments
Loading...