კამპანია “სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა” დასრულდა

36

სამოქალაქო კვირეული “სუფთა ჰაერი, უსაფრთხო გარემო”, რომელმაც სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო დასრულდა.

კამპანიის ორგანიზატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტი.

საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამოქალაქო კვირეული, დედაქალაქის გარდა, 10 რეგიონს მოიცავდა, მათ შორის, კახეთი, რაჭა, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა. აღნიშნულ რეგიონებში კამპანიის ორგანიზატორებმა მძღოლებთან და მოსახლეობასთან სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

“საქართველოში ასეთი მასშტაბური კამპანია პირველად ჩატარდა. კამპანიის მიზანი იყო, გავაცნობიეროთ, რა მხრივ შეიძლება, თითოეულმა მოქალაქემ გარკვეული ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ სწორედ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვლენების თვალსაზრისით, პრევენცია მოახდინონ. ეს კამპანია ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ მხრივაც, რომ პირველად მოხდა ასე მასშტაბურად საზოგადოების ინფორმირება, მითუმეტეს, როცა არასამთავრობო და კერძო სექტორი აერთიანებს ძალისხმევას კონკრეტული სოციალური საკითხის გარშემო.

საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გვქონდა რეგიონებში. კერძოდ, 10 რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა მძღოლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. საერთო ჯამში 1000-მდე ადამიანმა მიიღო ინფორმაცია საქართველოში ჰაერის დაბინძურების, საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერების მნიშვნელობის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ გამოწვევას და ერთად შევეცდებით აღნიშნული პრობლემის დაძლევას,” – განაცხადა “სიდას” აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა.

სამოქალაქო კვირეული დასრულდა 21 სექტემბერს, ბათუმსა და ლანჩხუთში. 22 სექტემბერს კი, თბილისში კამპანია შეურთდა ღონისძიებას “დღე ავტომობილის გარეშე”, რომელიც მიზნად ისახავდა გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. კვირეულის ორგანიზატორები საზოგადოებასა და ბიზნეს კომპანიებს კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებდნენ, რაც ამ დღეს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გამოიხატა.

Comments
Loading...