კალაძე: ჩვენ, ყველამ, ვინც ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ვართ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ რევანშს, ბოროტებას, სიძულვილს, დაბრუნების შესაძლებლობა

2

პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს და ამომრჩეველს ქალაქის განვითარების ოთხწლიან გეგმას დეტალურად აცნობს. ამჯერად, მან შეხვედრა სტუდენტებთან გამართა და მოუწოდა, თბილისის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესებში აქტიურად ჩაერთონ.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტებისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებას“ ქალაქის განვითარების სწორი ხედვა და მიმართულება გააჩნია.

„ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც საუბრობდა საქმეზე, თბილისზე და თბილისელების გამოწვევებზე. ვსაუბრობდით ასევე, მომავალზე და კონკრეტული რაიონების, უბნების მიხედვით თუ რა პროექტები უნდა განხორციელებულიყო. მეორე მხარეს, აბსოლუტურად არაფერი ხდებოდა თბილისთან დაკავშირებით, არანაირი საარჩევნო პროგრამა, ხედვა არ იყო წარმოდგენილი. ერთადერთი, რაც იყო მათი მხრიდან, ეს იყო სიძულვილის ენა, ბოროტება, შეურაცხყოფა ყოველდღიურად, არამხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ ჩემი ოჯახის, მეუღლის, მშობლების, მცირეწლოვანი შვილების მიმართ, რაც ძალიან ცუდია. არავითარ შემთხვევაში, პოლიტიკაში მსგავსი მიდგომა და დამოკიდებულება არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, პოლიტიკური ოპონენტები, თბილისის განვითარებაზე საუბრის ნაცვლად, მისი შეურაცხყოფითა და სიძულვილით იყვნენ დაკავებული.

„ასე გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ, ყველამ, ვინც ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ვართ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ რევანშს, ბოროტებას, სიძულვილს, ცილისწამებას დაბრუნების შესაძლებლობა. ყველაფერი იკადრეს, რაც კი ცუდი შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს. დაუპირისპირდნენ ყველაფერს, რაც კი ძვირფასი გაგვაჩნია. ამას არ დავუშვებთ. ჩვენ საკუთარ სახელმწიფოსაც დავიცავთ, საზოგადოებასაც, ეკლესიასაც, კულტურასაც, ტრადიციებსაც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Comments
Loading...