ისრაელის ელჩი საქართველოში: ეს არის ომი სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციასა და დასავლურ ლიბერალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს შორის

5

“ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ მხარდაჭერით, რომელიც ამ დრომდე მივიღეთ საქართველოსგან“ – აცხადებს ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი.

“აიპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ელჩი აცხადებს, რომ „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფება პასუხს აგებს იმ სისხლიანი “თავგადასავლისთვის”, რაც მოაწყო.

“ეს არ არის ომი ისრაელსა და პალესტინას შორის, არც ისრაელსა და არაბებს შორის, არამედ, ეს არის ომი ანტისემიტურ, სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციასა და დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიულ სახელმწიფოს შორის.“ – აღნიშნავს ელჩი ჩვენთან საუბრისას.

აიპრესი: .პალესტინური მხარე სულ ხშირად აპელირებს ისრაელის საჰაერო შეტევების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებზე, როგორც ვიცით, ჰამასის მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციები ხშირად მიმართავენ საკუთარი მოქალაქეების ცოცხალ ფარად გამოყენების ტაქტიკას. კონფლიქტის უკანასკნელი ესკალაციის დროს იყო შემთხვევა, როდესაც ტერორისტებმა მეჩეთი გამოიყენეს საბრძოლო იარაღის შესანახ პუნქტად, ასევე ისინი არ ერიდებიან ჰოსპიტალებში სამხედრო ცენტრების განთავსებას, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში საკმაოდ რთულია საბრძოლო მოქმედების დროს დისკრიმინაციის პრინციპის ქვეშ ლავირება, თქვენი აზრით, რა უნდა მოიმოქმედოს ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა, რომ ნახსენები ტიპის მსხვერპლი მაქსიმალურად იქნას თავიდან არიდებული და მოწინააღმდეგე მხარეს საერთაშორისო საინფორმაციო ველზე ნაკლები საშუალება ჰქონდეს ისრაელის მტრულ ძალად წარმოჩენისთვის.

აბსოლუტურად გეთანხმებით. ფაქტობრივად, ჰამასი ორმაგად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს: პირველ რიგში, იყენებს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს (მეჩეთებს, საავადმყოფოებს, სკოლებს), როგორც ტყვია-წამლის შესანახ ობიექტებს, სამხედრო ბუნკერებსა და სარაკეტო მოწყობილობების განსათავსებლად, რომლებსაც ისრაელის წინააღმდეგ იყენებს და ამავდროულად, საფრთხის ქვეშ აყენებს საკუთარ მოსახლეობას. ასევე, დამიზნებით, სპეციალურად ისვრის რაკეტებს დასახლებული პუნქტებისკენ-ქალაქებისა და სოფლების მიმართულებით. სწორედ ამიტომაა მიჩნეული ტერორისტულ ორგანიზაციად. საზოგადოება არ უნდა შეცდეს დასკვნების გამოტანისას – ეს არ არის ომი ისრაელსა და პალესტინას შორის, არც ისრაელსა და არაბებს შორის, არამედ, ეს არის ომი ანტისემიტურ, სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციასა და დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიულ სახელმწიფოს შორის.

Comments
Loading...