ირინა მილორავა: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ბირჟაზე საათობრივი ვაჭრობის დაწყება 6 თვით არის გადადებული“

7 ივნისს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატები ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.

10

როგორც თანამომხსენებელმა, „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალურმა დირექტორმა, ირინა მილორავამ „აიპრესთან“ საუბარში განაცხადა, ის შეეცდება მაქსიმალურად დეტალურად ისაუბროს ბირჟის მიერ დაფუძნებიდან დღემდე განხორციელებულ აქტივობებზე.

„პრაქტიკულად ჩვენ საქმიანობა დავიწყეთ 2020 წლიდან. სავარაუდოდ, იქნება შეკითხვები, იქნება დისკუსია და რა თქმა უნდა, ბირჟასთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით კომიტეტების წევრებს და ყველა დაინტერესებულს. ასევე, რაც მთავარია, ვისაუბრებ სამომავლო გეგმებზეც, მოგეხსენებათ, საათობრივი ვაჭრობის ამოქმედება გადაიდო 2022 წლის 1 იანვრამდე. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვისაუბრებთ იმ გეგმებზე, რასაც ამ 6 თვის განმავლობაში გავაკეთებთ“, -აღნიშნა ირინა მილორავამ.

მისი განცხადებით, ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. „ბუნებრივია, ამ შემთხვევაშიც, ასე მოხდა – ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საათობრივი ვაჭრობის დაწყება, და შესაბამისად, ბირჟის ამოქმედება, გადაიდება 6 თვით. მე, როგორც ბირჟის ხელმძღვანელს, მედიამ საკითხთან დაკავშირებით მთხოვა განმარტება და ცხადია, მე ეს კომენტარები გავაკეთე.

ამ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ყველა ის ღონისძიება, რაც განსაზღვრავს საათობრივი ვაჭრობაზე გადასვლის კონკრეტულ ვადებს, ასევე ღონისძიებებს, რაც უნდა განახორციელოს ამ პროცესში ჩართულმა სამივე სუბიექტმა („ენერგეტიკლი ბირჟა“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც საბალანსო ბაზრის ოპერატორი და სისტემის კომერციული ოპერატორი – ესკო, როგორც საბითუმო-საჯარო მომსახურების ორგანიზაცია) ბაზრის გაშვებამდე, გაწერილია ბაზრის მოდელის კონცეფციაში. ასევე გაწერილია ვადები. შესაბამისად, გადაწყვეტილება ვადის გადაწევის თაობაზე, იღებს და ამ შემთხვევაში, უკვე მიიღო, საქართველოს მთავრობამ.

შესაბამისი ცვლილება ამ დადგენილებაში „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა და შევიდა ძალაში“, – განმარტა ირინა მილორავამ.

Comments
Loading...