“ირბინე მშვიდობისთვის!” – გარბენმა ამ დევიზით სტარტი აღმაშენებლის გამზირიდან აიღო

260

17 სექტემბერს გარბენმა დევიზით "ირბინე მშვიდობისთვის" სტარტი დავით აღმაშენებლის გამზირიდან აიღო, რომელიც საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციისა და საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ფიზიკური აქტივობის მიზანს  სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

ღონისძიება პროექტის "ირბინე საქართველოს" ფარგლებში მოეწყო, რომელშიც საბრძოლო ხელოვნებით და ორთაბრძოლებით დაკავებულ სპორტსმენებთან ერთად, მონაწილეობის მიღება  ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

სპორტსმენებისა და მოყვარულების შეკრება დილიდან დაიწყო, რომელშიც 500-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ  პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები და მედია.

"ჩვენი პროექტის Be Active In Georgia  ფარგლებში გაიმართა გარბენი „ირბინე მშვიდობისთვის". ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება: უფრო მეტად აქტიური, უფრო მეტად ხალისიანი, ჯანსაღი და გახარებული საზოგადოება.  პროგრამა "საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის" ინიციტივითა და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის მხარდაჭერით შეიქმნა, რომლის მიზანსაც სწორედ, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სირბილის პოპულარიზაცია წარმოადგენს", –  პროგრამის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე მიანიშნებს კორპორატიული სპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი ზურაბ ბოქოლიშვილი.

"Be Active In Georgia  წარმოგიდგენთ ევროპის სპორტულ კვირეულს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია სხვადსხვა თემატური ღონისძიებები სხვადასხვა სამიზნე სეგმენტისთვის, როგორიცაა ირბინე საქართველო, ფიტნეს ფესტივალი, Sportsway Tourism კონფერენცია, მსოფლიო სიარულის დღე, Games of Heroes – საჩვენებელი ტურნირი, Take Back Your Streets, საბრძოლო ხელოვნების ფესტივალები, სილამაზის გარბენი, იბინე ვარსკვლავებთან ერთად, საქველმოქმედო გარბენები, ღამის თბილისის გარბენი, ღამის ბათუმის გარბენი, ღვინის გზის გარბენი, სასკოლო გარბენები და სხვა. ეს არის პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს.

მასობრივი სპორტის განვითარებასა და საზოგადოების ფიზიკურ გაჯანსაღებას, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. მონაწილეთა ასაკი არ არის შეზღუდული, დღეს ყველაზე პატარა მონაწილე 6 წლის, ხოლო ყველაზე  ხანდაზმული 87 წლის იყო", – პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე საუბრობს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა ცივაძე.

"შესაძლებლობა მაქვს უფრო მეტი ინფორმაცია მქონდეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. საკმაოდ საშიში მაჩვენებელია. ჩვენი მოსახლეობა საკმაოდ პასიურია და მათ მეტი სპორტული აქტივობები სჭირდება. ამ ეტაპზე წამახალისებელი სახით, რათა სირბილი და ჯანსაღი ცხოვრება აქციონ ცხოვრების წესად. უნდა გავაქტიურდეთ. დღევანდელი გარბენი სულ რაღაც 2 კილომეტრს მოიცავდა, არ დავიზაროთ და ყოველდღიურად ვირბინოთ, გავხალისდეთ და ვივარჯიშოთ", – აღნიშნა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.

გარბენი დევიზით "ირბინე მშვიდობისთვის" დასრულდა. წინ ბევრი სახალისო გარბენები და აქტივობები გველის. ერთად მოვემზადოთ "ფიტნესის დღისთვის" და "ვირბინოთ ვარსკვლავებთან ერთად".

Comments
Loading...