ირანის არმატურის იმპორტი ექსპონენციალურად იზრდება

71

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით ირანიდან არმატურის იმპორტი წინა თვესთან შედარებით გაორმაგდა. ადგილობრივმა მწარმოებელმა, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ უკვე რამდენჯერმე განაცხადა დემპინგურ ფასად ირანული არმატურის შემოსვლაზე ქართულ ბაზარზე, მაგრამ კიდევ არ გადადგმულა ნაბიჯები არასამართლიანი კონკურენციის წინააღმდეგ.

"ირანის არმატურის იმპორტი ექსპონენციალურად იზრდება და რამოდენიმე თვეში ადგილობრივი ბაზრის 10% დაიკავა. ჩვენ ველოდებით ამ ტენდენციის ზრდას. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ირანული პროდუქციისთვის ღია აქვს კარი, მაშინ როცა მეზობელმა ქვეყნებმა დემპინგურ ფასად შემოსულ პროდუქციას ჩაუკეტეს საზღვრები და დაუწესეს გადასახადები.

მოვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას მთავრობის მხრიდან. მთავრობამ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და  სასწრაფოდ მიიღოს ზომები თავისუფალი ვაჭრობის წესების დასაცავად." აცხადებენ კომპანიაში.

რუსთავის ფოლადმა წლის დასაწყისში ახალი ინვესტიციების ხარჯზე მნიშვნელოვნად გაზარდა თვისი წარმოება და მუდმივ შტატზე 200-ზე მეტი ახალი თანამშრომელი აიყვანა. ახლა კომპანიაში შიშობენ, რომ მათ მოუწევთ წარმოების მოცულობის შემცირება და რამოდენიმე ასეული თანამშრომლიც სამსახურიდან დათხოვნა.

Comments
Loading...