ირაკლი მექვაბიშვილი: ჩემი ანაზღაურება გაცილებით მეტი იყო, ვიდრე გენერალურ აუდიტორს ექნება

342

პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გენერალური აუდიტორის კანდიდატს ირაკლი მექვაბიშვილს უსმენენ.

როგორც ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა, ის 10 წლის განმავლობაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

მექვაბიშვილის თქმით, მისი ანაზღაურება გაცილებით მეტი იყო, ვიდრე გენერალურ აუდიტორს ექნება.

"ჩემი განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე ყოველთვის ვიყურებოდი წინ, ვიყავი ორიენტირებული განვითარებაზე. ბოლო 10 წელი გავატარე ევროპის რეკონსტრუქციის და განვითრების ბანკში, სხვადასხვა პოზიციებზე. ჩემი პოზიცია მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის, ჩემი ხელმძღვანელობით, უშუალო მონაწილეობით ასეულობით მილიონობით დოლარის მოზიდვა განხორციელდა საქართველოში, სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პროექტებში – სოფლის მეურნეობის, ენერგოეფექტურობის კუთხით და ა.შ.

ვთვლი რომ ამ ეტაპზე ჩემი ფუნქცია ამ კუთხით შესრულებულია. ვფიქრობ, გენერალური აუდიტორის თანამდებობა არის უკიდურესად საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ალბათ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და ემსახუროს ქვეყანას. ჩემი ანაზღაურება, მინდა დაგიფიქსიროთ, იყო გაცილებით მეტი, რაც გენერალურ აუდიტორს ექნება.

ეს არის გარკვეულ წილად გამოწვევა, მორალურად ყველანაირად მზად ვარ, რომ მივიღო ეს გამოწვევა და გავუმკლავდე ყველა ამ საკითხს", – აღნიშნა ირაკლი მექვაბიშვილმა.

Comments
Loading...