ირაკლი ლექვინაძე: ბიზნესგარემო არის პოზიტიური

41

ეს განცხადება ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ პრემიერთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. ირაკლი ლექვინაძემ ომეგა ჯგუფის საქმეზეც ისაუბრა, როგორც მან აღნიშნა კომპანია ცდილობს თავი აარიდოს გადასახადების გადახდას.

“განცხადებები, რომელიც კეთდება დღეს ბიზნესთან დაკავშირებით, ეს არის სამწუხაროდ ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი. გამომდინარე იმ ერთი კომპანიის ქეისიდან, რომელიც ყველამ ძალიან კარგად ვიცით და მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, მომხდარიყო შეთანხმება საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, რესტრუქტურიზაციის კუთხით, რატომღაც აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიის მთავარი მიზანია, რომ გადასახადები არ გადაიხადოს, ან ეს თემა გაიტანოს პოლიტიკურ სიბრტყეში, რაც ხდება კიდეც დღეს და რაც სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიების მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელ ნაწილად იქცა.” – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ომბუდსმენის თქმით, ბიზნესთან მსგავსი ტიპის კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხებზე აქტიური საუბარი მნიშვნელოვანია.

“რაც შეეხება ბიზნესისა და ხელისუფლების დღევანდელ ურთიერთობას, მე მიმაჩნია, რომ ზოგადად, ბიზნესგარემო არის პოზიტიური. შეიძლება არსებობდეს რიგი ხარვეზები და რიგი საკითხები, რომელიც ბიზნეს აქვს ხელისუფლებასთან და შეხვედრაც დღეს ამიტომ შედგა, რომ მათი მხრიდან გარკვეული საკითხები, თუ წუხილები იქნას წინა პლანზე გამოტანილი. ამიტომ, მსგავსი ტიპის კომუნიკაცია და აქტიური საუბარი მიმდინარე საკითხებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი.” – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

Comments
Loading...