იპოთეკური სესხების სუბსიდირებით 1 005-მა ბენეფიციარმა ისარგებლა

11

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ცნობით, იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამით 1-ლი სექტემბრიდან დღემდე 1 005 იპოთეკური სესხი გაიცა.

დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა 111 000 000 ლარს შეადგენს.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც:

ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;

სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;

სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

პროგრამის ფარგლებში იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.

იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.

პროგრამა ატარებს ერთჯერად ხასიათს და მასში მონაწილეობა ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთხელ, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად.

Comments
Loading...