“იმერმა” “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მიღებული დაფინანსებით 200-მდე ადამიანი დაასაქმა

423

საწარმო "იმერმა" პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული დაფინანსებით, დამატებით 200-მდე ადამიანი დაასაქმა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა.

90-წლიანი საქმიანობის ისტორიის მქონე საწარმო ახლახან, სახელმწიფო პროგრამის – "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული ფინანსური რესურსის – 315 ათასი ევროს მეშვეობით გაფართოვდა.

სამკერვალო, რომელშიც 500-მდე ადამიანია დასაქმებული, ძირითადად, ტანსაცმელს აწარმოებს.

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი წარმოებისა და პროფესიული სასწავლებლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება დასაქმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

პრემიერი "იმერის" მაღაზიაშიც იმყოფებოდა, სადაც საწარმოში შეკერილი ტანსაცმელი იყიდება.

საქართველოში „იმერის“ სამი მაღაზია ფუნქციონირებს, რომელთაგან ერთი თბილისშია. ფაბრიკა უცხოელი დამკვეთების მიერ მოწოდებული ნედლეულით მუშაობს და თანამშრომლობს, როგორც გერმანულ ფირმა „ლებეკსა“ და იტალიურ „ეგერია ლიმიტედთან“, ასევე – ქართველ დიზაინერებთან.

Comments
Loading...