ილონ მასკმა კიდევ 930 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა

5

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა კომპანიის კიდევ 934,091 აქცია გაყიდა. ამის შესახებ გამოცემა Insinder იუწყება.

გამოცემის ცნობით, ახლად გაყიდული აქციების ღირებულებამ 930 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ერთი დღით ადრე Tesla-ს აქციები თითქმის 2%-ით დაეცა და თითო აქციის ღირებულებამ 1 013,39 აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის კაპიტალიზაცია კი 207 მილიარდი დოლარით შემცირდა.

მასკმა Tesla-ს აქციების გაყიდვა ნოემბერში დაიწყო. პარასკევს მან Tesla-ს კიდევ 1.2 მილიონი აქცია გაყიდა, თითოზე საშუალოდ 1 030 დოლარის ღირებულებით. ხოლო, გასული კვირის განმავლობაში ნავაჭრი აქციების რაოდენობამ სულ 6.4 მილიონს მიაღწია.

ცნობისთვის, გასულ კვირას ილონ მასკის ძმამ, კიმბალ მასკმა, Tesla-ს საკუთარი აქციები 100 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.

გასულ კვირას, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ის მომხმარებლებს ჰკითხა, უნდა გაყიდოს თუ არა Tesla-ს აქციების 10% გადასახადების გადასახდელად. მასკმა აღნიშნა, რომ იგი კომპანიის მხოლოდ 10%-ს ფლობს, ამასთან ხელფასს და პრემიებს არ იღებს. ამიტომ, ფასიანი ქაღალდების გაყიდვა მისთვის გადასახადების გადახდის ერთადერთი გზა იყო.

სოციალური ქსელის მომხმარებლების უმეტესობამ (57.9%) აქციების გაყიდვას მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი 12%-ით დაეცა. ეს არის ყველაზე დიდი დღიური ვარდნა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი თითქმის 200 მილიარდი დოლარი დაკარგა.

Comments
Loading...