ილონ მასკი: 2050 წლისთვის, ჰუმანოიდი რობოტი თითქმის ყველა სახლში იქნება

16

TED-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ილონ მასკი საუბრობს, თუ როგორ გადაიზრდება Tesla-ს სრულად თვითმართვადი ელექტრომობილების შექმნის პროცესი რობოტიკაში. აქვე ის ამბობს, რომ ძალიან მალე, დაახლოებით 2050 წლისთვის, ჰუმანოიდი რობოტი თითქმის ყველა სახლში იქნება, თუმცა ამისთვის ხელოვნური ინტელექტი უნდა გაუმჯობესდეს.

“გარკვეული დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ თვითმართვადი მანქანის მისაღებად ჯერ ხელოვნური ინტელექტი უნდა შეისწავლო. მაშინ, როცა AI-ის ავტომობილისთვის შეიმუშავებ, რომელიც, რეალურად, 4 ბორბალზე მდგარი რობოტია, იმავე მეთოდს ფეხების მქონე რობოტზეც განავრცობ”, — აცხადებს მილიარდერი.

მისი აზრით, ისეთმა კომპანიებმა, როგორიც Boston Dynamics-ია, აჩვენა, რომ მძლავრი ჰუმანოიდი რობოტების შექმნა შესაძლებელია, მაგრამ ჯერ კიდევ შორს ვართ მოწყობილობებისგან, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სახლის საქმეებში დაგვეხმარება.

მასკის თქმით, ჭკვიან მანქანებს რეალურ სამყაროში დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის და სასარგებლო საქმიანობისთვის ამჟამად საკმარისი რესურსი არ გააჩნია.Tesla-ს კი ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს. საჭიროა მხოლოდ სპეციალიზებული ამძრავებისა და სენსორების დამზადება.

ის AI-ის განვითარებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსაც განიხილავს და ამ უკანასკნელის მარეგულირებელი სააგენტოს არსებობასაც საჭიროდ მიიჩნევს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ჰუმანოიდმა რობოტებმა პირველ ეტაპზე ისეთი სამუშაო უნდა შეასრულოს, რომლისთვის დროის დათმობა არავის სურს, ხოლო შემდეგ გაუმჯობესდეს და ადამიანებზე ზრუნვა დაიწყოს.

“ვფიქრობ, საინტერესო პროტოტიპს ამ წელს ვიხილავთ, მომდევნო წელს კი გამოსაყენებლად უფრო ვარგის ვარიანტს. ჰუმანოიდი რობოტების გამოჩენის ზუსტი დრო, ალბათ, სულ მცირე 2 წელია”, — ამბობს მასკი და ამატებს, რომ მსგავსი მოწყობილობები ავტომობილზე ნაკლები ეღირება.

Comments
Loading...