ილონ მასკი: ცივილიზაციის უდიდესი რისკი შობადობის სწრაფად კლებაა

18

კომპანიების SpaceX და Tesla აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა Wall Street Journal-ის მიერ ახლახან გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ცივილიზაციას განადგურება ემუქრება, რისი მიზეზიც შობადობის დაბალი მაჩვენებელია.

“ჩემი აზრით, ცივილიზაციისთვის უდიდეს რისკს შობადობის სწრაფად კლებადი მაჩვენებელი წარმოადგენს. ამის მიუხედავად, ხალხს, მათ შორის მრავალ ჭკვიან ინდივიდსაც სჯერა, რომ მსოფლიოში ზედმეტად ბევრი ადამიანია და პოპულაციის რაოდენობა უკონტროლოდ იზრდება. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა, რაზეც რიცხვებიც მეტყველებს”, — ამბობს მასკი, რომელიც თავად 6 შვილის მამა გახლავთ.

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის თქმით, თუ უფრო მეტ ბავშვს არ ვიყოლიებთ, კაცობრიობა სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება. ეს მან ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებლის მიერ მიმდინარე წლის აგვისტოში წარდგენილ რობოტზე, სახელად Tesla Bot-ზე საუბრისას აღნიშნა. კომპანიის ცნობით, მოწყობილობა, რომელიც ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არაა, ადამიანებს შრომას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით, შობადობის მაჩვენებელმა დაღმასვლა 1960 წლიდან დაწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მასკის განაცხადი რეალობისგან შორს არაა. ამის განმაპირობებელი ფაქტორები, პირდაპირ თუ ირიბად, კლიმატის ცვლილებას უკავშირდება, რომლის გამოც წყვილები ბავშვის გაჩენისგან თავს იკავებენ.

მართალია, რაც უფრო მეტნი ვართ, მით უფრო ბევრ ენერგიასა და რესურსს მოვიხმართ, თუმცა, მკვლევართა აზრით, პოპულაციის რაოდენობის შემცირება გლობალურ დათბობასთან და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების შემცირებასთან ბრძოლის საუკეთესო გზა არაა.

Comments
Loading...