ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2017 წლის ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 85,0 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
სულ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 456,7 ათასი ტონა, რაც 62,6 ათასი ტონით ანუ 13,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
მათ შორის, 2017 წლის ივნისში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 39,0 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 46,0 ათასი ტონა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის ივნისში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 27,7 ათასი ტონა ანუ 71%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 10,9 ათასი ტონა ანუ 28%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 0,4 ათასი ტონა ანუ 1%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 46,0 ათასი ტონა ანუ 100%.
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის ივნისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 26,9 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 31,6%), თურქმენეთიდან – 20,3 ათასი ტონა (23,9%), ბულგარეთიდან – 11,8 ათასი ტონა (13,9%), აზერბაიჯანიდან 11,7 ათასი ტონა (13,8%), რუსეთიდან – 9,7 ათასი ტონა (11,4%), საბერძნეთიდან – 4,4 ათასი ტონა (5,2%), უკრაინიდან – 0,2 ათასი ტონა (0,2%).