ივნისში მთავრობის ვალმა 29.6 მლრდ. ლარი შეადგინა

8

“საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველომ” 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მოკლე ანალიზი გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთავრობის ვალმა 29.6 მლრდი ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 55%-ია.

2021 წლის 6 თვეში მთავრობამ 3.5 მლრდ ლარის ვალი აიღო, თუმცა ამავე პერიოდში 2.2 მლრდ ლარის ვალი დაფარა.

2020 წლის ბოლოს მთავრობის საგარეო ვალი 7.2 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც იმ დროინდელი ლარის კურსით (3.28) 23.5 მლრდ ლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის 30 ივნისს საგარეო ვალი 7.5 მლრდ აშშ დოლარი იყო, ანუ 6 თვეში 300 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, თუმცა, ლარის კურსის გამყარების და მთავრობის საშინაო ვალის 418 მლნ ლარით შემცირების გამო, ლარში გამოსახული მთავრობის ვალი საბოლოოდ 70 მლნ ლარით შემცირდა. მშპ-ის მიმართ ვალის ტვირთის შემცირება კი იანვარ-ივნისში დაფიქსირებულმა 12.7%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.

2021 წლის ბოლომდე მთავრობა 5.1 მლრდ ლარზე მეტ ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.7 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, წელს მთავრობის ვალი 2.4 მლრდ ლარით გაიზრდება და 30.8 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 53.9% იქნება.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ივლისში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მთავრობა 154 მლნ ლარით ნაკლებ ახალ ვალს აიღებს. ასაღები ვალის შემცირებამ და ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებამ ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-სთან თანაფარდობის წლიური პროგნოზი 7.7%-დან 6.9%-მდე შეამცირა, თუმცა დეფიციტი მაინც რჩება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ” კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე (3%) ზემოთ და უახლოეს ორ წელში უნდა დაუბრუნდეს დაშვებულ ზღვარს.

Comments
Loading...