ივლისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინფლაციამ 2.8% შეადგინა

36

2018 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.3 პროცენტით შემცირდა.

ივლისში, ივნისთან შედარებით, აღსანიშნავია ბენზინის 3.2 პროცენტით გაძვირება და, სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე, ზოგიერთი ხილისა და ბოსტნეულის გაიაფება.

2018 წლის დასაწყისიდან ერთჯერადი ფაქტო­რების გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე თითქმის ამოიწურა, რის გამოც, ამ პერიოდიდან მან შემცირება დაიწყო. თუმცა ერთჯერადი ფაქტორებიდან კვლავ მოქმედებს გაზის გადასახადის მომატება, რაც გასული წლის აგვისტოში მოხდა. ამას დაემატა 2018 წლის იანვრიდან წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირება. აღნიშნული კომუნალური გადასახადების მატების გავლენამ წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ივლისში 0.4 პ.პ შეადგინა.

ივლისში წლიურმა ინფლაციამ სურსათის ჯგუფში 2.3 პროცენტი, ხოლო მისმა გავლენამ ინფლაციის მაჩვენებელზე 0.6 პ.პ შეადგინა. საბაზო ეფექტის გამო საგრძნობლად გაძვირებულია ატამი (73 პროცენტი). შესამჩნევად გაძვირებულია მწვანილი (31 პროცენტით) და კარაქი (11 პროცენტით). მნიშვნელოვნად გაიაფდა კომბოსტო (22 პროცენტი), შაქარი (19 პროცენტი) და ვაშლი (13 პროცენტი).

სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია საწვავის და თამბაქოს გაძვირება. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტებზე გასულ წელს აქციზის გადასახადის მომატების ეფექტი ამოიწურა, მათი გაძვირების გავლენა ივლისის წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე კვლავ მაღალი იყო. კერძოდ, თითოეული მათგანის წვლილმა შესაბამისად 0.9 და 0.3 პ.პ შეადგინა. საწვავის გაძვირება მსოფლიოში ნავთობის ფასების მატებას უკავშირდება.

საწვავზე შედარებით მაღალი ფასების გამო, საბაზო ინფლაცია ივლისში მთლიან ინფლაციასთან შედარებით კვლავ დაბალი იყო და 1.4 პროცენტს შეადგენდა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის.

Comments
Loading...