ივანე მაჭავარიანი: ვინმე თუ სამომავლოდ “შავ სიაში” მოხვდება, მის მაგივრად არავინ გადაიხდის

38

“ვინმე თუ სამომავლოდ “შავ სიაში” მოხვდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის მაგივრად ვინმე გადაიხდის”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ შავი სიების გაუქმება ერთჯერადია და სამომავლოდ არ განმეორდება.

აქვე, ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ ჭარბვალიანობა უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ გამოიწვია – არ მოწმდებოდა მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა, შემდეგ მათ ერიცხებოდათ დიდი ჯარიმები. მთავრობამ კი ნაბიჯები გადადგა, ამოქმედდა რეგულაციები და ამ ეტაპზე “უპასუხისმგებლო” დაკრედიტება ვეღარ მოხდება.

“იყო უპასუხისმგებლო დაკრედიტება, არ ხდებოდა შემოწმება შემოსავლების, დრაკონულად დიდი ჯარიმების და პროცენტების დარიცხვა. შემოვიდა რეგულაციები. დღეიდან ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ასე იოლად და “უპრაგონოდ” დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები შეძლებენ ასეთი სესხების აღებას. შესაბამისად, სუფთა ფურცლიდან იწყება ეს ყველაფერი. შემდგომში პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გაიზიაროს. არა მარტო საფინანსო ინსტიტუტებმა, არამედ მსესხებლებმაც.

ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში აღებული სესხი, რომელიც უკვე ნორმალური, ცივილიზებული ევროპული წესით იქნება დადგენილი, რამენაირად მოხდეს მისი არ გადახდა. ამას არავინ წაახალისებს. ეს არის ერთჯერადი აქტი, მიბმულია ზუსტად იმასთან, რომ თამაშის წესები პრინციპულად შეიცვალა. მომავალი თამაშის წესები ჯერ ერთი გამორიცხავს ასეთ დაკრედიტებას და ასეთი დოზით ჭარბვალიანობას, მეორე, თუ ვიღაც სამომავლოდ მოხვდება „შავ სიაში“, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის მაგივრად ვინმე გადაიხდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა მოსახლეობამ ისე საბანკო სფერომ და ფინანსურმა ინსტიტუტებმა”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

Comments
Loading...