“იბიარდი” ქართული ეროვნული ვალუტით დენომინირებულ პირველ ევრობონდს გამოუშვებს

384

ლარით დენომინირებული პირველი ევრობონდის გამოშვებით, რომლის ანგარიშსწორება ეროვნული ვალუტით მოხდება, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საფუძველი ჩაუყარა ახალ ისტორიულ ეტაპს.

ლარით დენომინირებული ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და EBRD-ის რეგიონული დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

"საქართველოს ეროვნული ბანკი და EBRD დიდი ხანია წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა პროექტებში. ლარით დენომინირებული ბონდების გამოშვებაც ამ თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია. საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ლარით დენომინირებული ბონდების გამოშვებას, რაც სრულიად ახალი ეტაპია ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის.

ვფიქრობ მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ევროპის ბაზარზე ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება პირველად მოხდა, რამაც გზა უნდა გაუხსნას სხვა ბონდების გამოშვებას. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ეს სრულ შესაბამისობაშია კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის განხორციელებასთან საქართველოში და ის ფაქტი, რომ ამ ბონდების გამოშვება ლარით ხდება, ასევე, დაეხმარება ზოგადად ლარიზაციის ზრდის პროცესს ქვეყანაში.

EBRD იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც 2014 წელს ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვა. ახლა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იგივეს ევროპის ბაზარზე განახორციელებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია EBRD-ის როლი მთელ ამ პროცესში, ბანკი ყოველთვის ეხმარებოდა როგორც საქართველოს მთავრობას, ისე ეროვნულ ბანკს ამ მიმართულებით და ვფიქრობ შესაძლებელია, რომ სხვა ორგანიზაციებმაც მიბაძონ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს.

აღსანიშნავია, რომ ევრობონდების ბაზარს საკმაოდ ბევრი ინვესტორი ჰყავს, რომელთაც უკვე დღეიდან ექნებათ შესაძლებლობა ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები შეიძინონ. ვიმედოვნებთ, რომ ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდებზე ხელმისაწვდომობა გაზრდის ქართული ბაზრის ცნობადობას და ხელს შეუწყობს ქართული კაპიტალის ბაზრების მიმზიდველობას ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის", – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

2016 წლის იანვარში, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, საერთაშორისო დეპოზიტარმა Clearstream-მა ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარი უცხოელ ინვესტორებს გაუხსნა. EBRD – ის მიერ ქართული ლარით დენომინირებული ევრობონდების გამოშვებაც მათთან თანამშრომლობით ხდება. 120 მილიონი ლარის ევრობონდი (46.7 ევროს ექვივალენტი) ემისიის შემდეგ სწორედ Clearstream-ში განთავსდება.

ემისია სს "თიბისი ბანკის" დახმარებით განხორციელდა, რომელიც გახდა კიდეც განთავსების გარანტორი.

კუპონის განაკვეთი EBRD-ის ლარით დენომინირებულ ევრობონდზე მიბმული არის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული სამთვიანი სადეპოზიტო სერთიფიკატის საპროცენტო განაკვეთზე. მას შემდეგ, რაც EBRD აღნიშნული ბონდის ლონდონის საფონდო ბირჟის ლისტინგში ჩართვაზე განაცხადებს, ბონდები ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისთვის მისაღებ გირაოს ბაზაში ჩაერთვება.

EBRD-მ შეასრულა წამყვანი როლი საქართველოში ადგილობრივი ვალუტისა და კაპიტალის ბაზრების  განვითარებაში, საქართველოს მთავრობასთან, ეროვნულ ბანკთან და ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად მუშაობის შედეგად წლების განმავლობაში, ბოლოდროინდელი საყოველთაო ეკონომიკური კრიზისის ჩათვლით, ასევე ადგილობრივ ვალუტაში სესხის აღების წახალისებისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითრებისა და გაძლიერების გზით.

ტრანსაქცია შესაბამისობაშია EBRD-ის სტრატეგიასთან საქართველოში, გააღრმავოს ფინანსური  შუამავლობა და განავითაროს ადგილობრივი ვალუტა და კაპიტალის ბაზრები, რათა ხელმისაწვდომი გახადოს ფინანსები ადგილობრივი კერძო სექტორისთვის.

დღემდე EBRD-მა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, 3.1 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა, მთლიანობაში 205 პროექტში. EBRD-ის მიერ ქართული ლარით გაცემული პირველ სესხს ხელი 2010 წლის მარტში მოეწერა.

Comments
Loading...