იაპონიის ცენტრალური ბანკის აქტივებმა ქვეყნის მშპ-ს 7,7 მილიარდი დოლარით გადააჭარბა

70

იაპონიის ცენტრალური ბანკი, პირველი გახდა “დიდი შვიდეულის” წევრი ქვეყნების რეგულატორებს შორის, რომლის აქტივებიც მთელი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს აჭარბებს. აღნიშნულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა 77 მილიარდი იენი, ანუ 7,7 მილიარდი აშშ დოლარია.

იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის რეგულატორი 553,5922 ტრილიონი იენის, ანუ 4,8507 ტრილიონ აშშ დოლარს ფლობს. შესაბამისი განცხადება იაპონიის ცენტრალური ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

როგორც Reuters წერს, აღნიშნული მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მშპ-ს აღემატება. ამჟამად არსებული მონაცემების მიხედვით, აპრილიდან-ივნისის პერიოდში, რეგულატორის აქტივებმა 552,8207 ტრილიონი იენი, ანუ დაახლოებით 4,843 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ამგვარად, მოცემული მომენტისათვის, იაპონიის ცენტრალური ბანკი “დიდი შვიდეულის” წევრი ქვეყნების რეგულატორებიდან პირველია, რომლის აქტივებიც აჭარბებს მთელი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს. აქამდე კი, იაპონიის გარდა შვეიცარია იყო ერთადერთი ქვეყანა, რომლის მშპ-ის მაჩვენებელს ქვეყნის ეროვნული ბანკის აქტივებმა გადააჭარბა.

იაპონიის ცენტრალური ბანკის აქციებმა ზრდა მას მერე დაიწყო, რაც რეგულატორს 2013 წელს სათავეში ჰარუჰიკო კუროდა ჩაუდგა. მან თავის მიზნად, ორ წელიწადში ქვეყანაში ინფლაციის 2%-მდე გაზრდა დაასახელა. ამის შემდეგ კი კუროდამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს ეკონომიკის სტიმულირება მანამ გაგრძელდება, სანამ ეს საჭირო იქნება. ამ ყველაფრის შედეგად კი, იაპონიის მშპ-ის ნომინალური მაჩვენებელი 11%-ით გაიზარდა, რაც უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უსწრაფესი ტემპია.

გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, იაპონიის ბანკის საკუთრებაშია სახელმწიფო ობლიგაციების დაახლოებით 45%, რასაც ქვეყნის ხელისუფლება შიდა ვალის დასაფარად იყენებს.

Comments
Loading...