იანვარ-თებერვალში ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია

423

2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 375 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 102 მილიონი აშშ დოლარი იყო (31 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 274 მილიონი აშშ დოლარი (10 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2016 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 27, 28 და 27 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24 პროცენტი (2016 წლის იანვარ-თებერვალში 26 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-თებერვალში 497 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვართან შედარებით 40 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 129 მილიონი აშშ დოლარი (75 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 367 მილიონი აშშ დოლარი იყო (31 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 35 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 36 პროცენტი და იმპორტში 34 პროცენტი (2016 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 29, 26 და 30 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-თებერვალში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33 პროცენტი (2016 წლის იანვარ-თებერვალში 32 პროცენტი).

2017 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (198 მილიონი აშშ დოლარი), რუსეთი (163 მილიონი აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (146 მილიონი აშშ დოლარი).

2017 წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 58 მილიონი აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 53 მილიონ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 15 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 20 მილიონი აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-თებერვალში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 109 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 70 მილიონი აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სპილენძის მადნების და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 59 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).

Comments
Loading...