თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაო დაიწყო

7

ვაკის რაიონში, სოფელ თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერის მოწყობის სამუშაო დაიწყო. პირველი ეტაპის სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

პროექტის თანახმად, ტერიტორია გამწვანდება, დაირგვება მცენარეები, მოეწყობა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით, დამონტაჟდება ტრენაჟორები, განახლდება სპორტული მოედანი. სკვერი იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი საპარკე ინვენტარით, ასევე, მოეწყობა განათებისა და სარწყავი ქსელები.

დასასვენებელი სივრცე 2 500-მდე კვ. მ ფართობზე გაშენდება. სამუშაოები მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება.

აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი იყო გატანილი აუქციონზე და თხინვალას მოსახლეობის მოთხოვნით მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოწყობილ სკვერს გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქმევა. გამწვანებული დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 690 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს “კვადრელი” აწარმოებს.

Comments
Loading...