თუშეთში ტრადიციული სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ხორციელდება

407

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტას" შორის თანამშრომლობის მეომორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი თუშეთში (ახმეტის მუნიციპალიტეტი) ტრადიციული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების კორპორაციის წარმომადგენელთან, ჟან ცერნიკთან და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორთან შეხვედრაზე თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.

"საქართველოში აგრარული დარგის ხელშეწყობისთვის ტრადიციული სოფლის მეურნეობის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ხაზგასასმელია მაღალმთიანი რეგიონის შერჩევის ფაქტიც, რადგან სახელმწიფოსთვის მაღალმთიანი რეგიონები პრიორიტეტულია", – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია: თუშეთის გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივი პირობების შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ახალი ჯიშების გამოცდა-შეფასება, ადაპტაცია და გავრცელება; თუშეთში კონდიცირებული კარტოფილის სათესლე მასალის წარმოება და სერტიფიცირება; თუშეთის მიწის ფონდის შესწავლის და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა; ბიოაგროწარმოების განვითარება, ეკოლოგიურად სუფთა და ბიოპროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;

სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების ტექნოლოგიების განვითარება; სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ დაავადებათა კვლევა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სისტემის შემუშავება; თუშური ცხვრის პოპულაციის გაუმჯობესება და პროდუქტიულობის ამაღლების ღონისძიებების განხორციელება; რეგიონული ექსტენციის განვითარება და ხელშეწყობა.

Comments
Loading...