თეონა ჭალიძე: ჩემი თვალით ვნახე, როგორ დარბიან ბავშვები კორპუსებთან და აგროვებენ ტყვიების მასრებს

374

"ახალი საქართველოს" სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდგომ 49-ე კორპუსსა და მის გარშემო მდებარე კორპუსებში მცხოვრები ბავშვებისთვის და ზრდასრულთათვის საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიური დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს. 

"მეც ამ ქუჩაზე ვცხოვრობ და სპეცოპერაციის პერიმეტრზე მაცხოვრებელთა შორის ბევრს პირადად ვიცნობ. აქ ცხოვრობენ ჩემი კლასელები, ჩემი შვილის ბაღისა და სკოლის მეგობრების ოჯახები და ზუსტად ვიცი თუ რა გამოიარეს მათ იმ 20 საათის განმავლობაში. ბავშვებს იატაკზე ეძინათ, აფეთქებები და ტყვიების ზუზუნი, სადარბაზოებთან გამაგრებული პოლიციელები, შიში, პანიკა – ეს სიტყვები არაა საკმარისი რეალობის სრულად აღსაქმელად.

ჩვენ გავეცანით ადგილზე არსებულ სიტუაციას, პირადად გავესაუბრე სასტუმროებში განაწილებულ ოჯახებს და აღმოჩნდა, რომ ამ დრომდე არცერთ სახელმწიფო უწყებას არ ჰქონია ინიციატივა ამ ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური დახმარება აღმოეჩინა. ჩემი თვალით ვნახე, როგორ დარბიან ბავშვები კორპუსის მიმდებარედ და აგროვებენ ტყვიების მასრებს.

მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს და თბილისის მერიას, იმუშაონ კოორდინირებულად, ითანამშრომლონ ერთმანეთთან და რათა  დროულად მოხდეს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვისაც  ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება. აქვე "ახალი საქართველოს" სოციალური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს ამ პროცესში და უზრუნველყოს მოხალისე ფსიქოლოგების მობილიზებაც", – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

Comments
Loading...