“თედექს თბილის”-ის მეხუთე, საიუბილეო ღონისძიება თბილისში 2017 წლის 15 ოქტომბერს გაიმართება

330

დღეს საქართველოს ბანკის სათავო ოფისში #TEDxTbilisi 2017-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს ბანკი უკვე მეხუთე წელია ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია.

მეხუთე ყოველწლიური ღონისძიება  2017 წლის 15 ოქტომბრეს ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. ერთდღიანი კონფერენცია "თედექს-თბილისი", არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმის, "თედის" (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენცია.

წლევანდელი, საიუბილეო კონფერენციის თემაა "ახალი ეტაპი" (New Beginnings). მოწვეული სპიკერები საკუთარი პროფესიული თუ პირადი გამოცდილების ჭრილში მოგვითხრობენ ახალი ეტაპის წამოწყების ისტორიებს, გამოწვევებსა და მიღებულ გაკვეთილებზე. "ახალი ეტაპის" თემა აქტუალურია უშუალოდ თედექს თბილისისთვისაც (TEDxTbilisi). დაარსებიდან ხუთი წლის თავზე ჩვენ აქტიურად ვეძებთ საქმიანობის განვითარების გზებს და ვფიქრობთ იმ სიახლეებზე,  რომლებსაც შეეძლებათ კიდევ უფრო ძლიერი ბიძგი მისცეს ინოვაციას, ქართულ საზოგადოებაში. განვითარების ახალ ეტაპზე ჩვენ სრულად გავაქართულეთ თედის ფორმატი, რათა ინგლისური ენის არცოდნა არ გამხდარიყო ბარიერი საინტერესო იდეების გავრცელებისათვის. აგრეთვე, ვემზადებით დამატებითი, უფრო მცირე მასშტაბის ღონისძიებებისათვის, რათა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ფორმატი.

"თედის" ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, 15 ოქტომბრის ღონისძიების თითოეული მომხსენებელის წინაშე იდგება საპასუხისმგებლო ამოცანა, აუდიტორიას წარუდგინონ მათი პროფესიული კარიერის საუკეთესო პრეზენტაცია.  სპიკერების ვინაობა და მათი საუბრის თემები გასაჯაროვდება ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე.

"2017 წლის ღონისძიებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყება 19 სექტემბრიდან ელექტრონულ პორტალზე www.tkt.ge. ბილეთის ფასი იქნება 35 ლარი. თედექს თბილისი (TEDxTbilisi) არის არაკომერციული, მოხალისეობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის არსებობა შესაძლებელი გახდა სპონსორების და პარტნიორების მხარდაჭერის გამო. მათ შორის განსაკუთრებით გვსურს გამოვყოთ საქართველოს ბანკი, რომელიც ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე გვიდგას გვერდზე და ჩვენთან ერთად შეაქვს წვლილი საზოგადოების განვითარებაში ინოვაციური იდეების პოპულარიზაციის გზით. სპონსორების მიერ გაღებული რესურსები და  ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად ხმარდება ღონისძიების საორგანიზაციო ასპექტებს და გვეხმარება სპიკერებსა და სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნაში" განცხადა "თედექს-თბილისის" წარმომადგენელმა მერი გაბაშვილმა.

Comments
Loading...