თბილისში EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის რეგიონული ოფისი გაიხსნა

451

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ კატარინა მატერნოვამ  და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეს კოპაჩმა EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის რეგიონული ოფისი გახსნეს. რეგიონული ოფისი კოორდინაციას გაუწევს პროექტის ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და სარეგულაციო ბაზის გაუმჯობესებას. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადაფინანსებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელნი არიან "ენერგეტიკული გაერთიანებისა" და "ენერგეტიკული ქარტიის" სამდივნოები.

EU4Energy-ის მმართველობის კომპონენტი 6.8 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. იგი წარმოადგენს EU4Energy-ის უფრო ფართო, 21 მილიონი ევროს მოცულობის ინიციატივის ნაწილს, რომელიც ასევე ფარავს ცენტრალური აზიის ქვეყნებს. EU4Energy-ის მმართველობის პროექტის მიზანია საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს განვითარება და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის. მეორე რეგიონული ოფისი, რომელიც ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას მოემსახურება, კიევში იმუშავებს.

"მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს წევრ ქვეყნებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის მაღალი ხარისხი ყველა სფეროში, რომელიც ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის პრინციპზე მოქმედი ერთიანი ბაზრის შექმნას გულისხმობს, სადაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკული რესურსის მიწოდების უსაფრთხოება, ხოლო მისი გარანტი კი სოლიდარობის პრინციპის საყოველთაო აღიარებაა. ასევე, ყველა თანხმდება, რომ მომავალი ენერგეტიკა და ეკონომიკის დარგები დაეფუძნოს სუფთა, განახლებადი ენერგიების მზარდ გამოყენებას, ენერგოეფექტურობის წახალისებასა და დაბალემისიებიანი ენერგეტიკული და ეკონომიკური ღონისძიებების განხორციელებას", – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...