თბილისში, ვარკეთილის პარკის რეაბილიტაცია იწყება

17

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილის ხევში კიდევ ერთი პარკის რეაბილიტაცია დაიწყო.

ქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აქ ოდესღაც იყო რეკრეაციული სივრცე, თუმცა, ამჟამად ეს ტერიტორია იმდენად გაპარტახებულია, ძნელი იქნება ამ პროცესს რეაბილიტაცია ვუწოდოთ.

„შეიძლება ითქვას, რომ სრულებით ახალი პარკი ეწყობა. პარკის პროექტით, არსებული ბუნებრივი რესურსების, მწვანე ნარგავების შენარჩუნება და გარემოში მინიმალური ჩარევით თანამედროვე სარეკრეაციო სივრცის შექმნა იგეგმება.

ტერიტორია მოიცავს 3 ჰექტარს, რომელიც დაიყოფა პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად. მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები საჩრდილობლებით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სასმელი წყლის შადრევნები, სკეიტ პარკი, გადმოსახედი ბაქანი. განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე. პარკის ტერიტორია შეივსება ახალი მწვანე ნარგავებით და მდელოს სახით გაჩნდება საპიკნიკე არეალები. გათვლილი იქნება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის” – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...