თბილისში არაძვირფასი ლითონების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება

250

შპს "ქოჩკაბლო" ქალაქ თბილისში არაძვირფასი ლითონების მწარმოებელ საწარმოს გახსნის. კომპანია 3 140 736 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და სულ მცირე 50 ადამიანს დაასაქმებს. საწარმო თავისი საქმიანობას მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელებს, რაც უზრუნველყოფს სრულად ავტომატიზებულ წარმოებასა და დაბალ საწარმოო ფასს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შპს "ქოჩკაბლოს", ქალაქ თბილისში, სამრეწველო ზონაში, საქნავთობის დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე 9502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით "აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 330 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 800 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო პროექტების შედეგად ქვეყანაში 13 200-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

Comments
Loading...