თბილისს 1000 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება, ამორტიზებული ტრანსპორტი წლის ბოლომდე მთლიანად შეიცვლება

12

“ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ორიენტირებულია ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებაზე და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ღონისძიება გვაქვს, როგორც განხორციელებული, ისე დაგეგმილი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ პოლიტიკის ფარგლებში, წლის ბოლომდე სრულად იქნება ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსები. გარდა ამისა, მეტროს სისტემაში დამატებულია, დაახლოებით, 15 ახალი შემადგენლობა.

“თქვენ იცით, რომ გასულ წელს შევიძინეთ 300 მიკროავტობუსი, რათა დაგვეწყო მიკროავტობუსების ჩანაცვლება.

არსებული მიკროავტობუსების პარკი, რომელიც 1000-ზე მეტი მიკროავტობუსისგან შედგება, არის ამორტიზებული, მოძველებული და ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტსაც კი მგზავრთა კომფორტული გადაადგილებისთვის.

თბილისის მიკროავტობუსის კომპანიასთან თითქმის დასრულებულ გვაქვს მოლაპარაკებები. კომპანია უზრუნველყოფს კაპიტალის მოზიდვას და პირველ რიგში გამოისყიდის 300 ერთეულ მიკროავტობუსს, რომელიც მერიამ შეიძინა ბიუჯეტის ფულით. ამასთან, დამატებით შეისყიდის 400 ერთეულ მიკროავტობუსს. თბილისის ვიცე-მერმა აწარმოა მოლაპარაკებები თბილისის მიკროავტობუსის კომპანიასთან და ბანკებთან და მიღწეულია შეთანხმება, რომ მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროექტში განხორციელდება, დაახლოებით, 90 მლნ ლარის ინვესტიცია. ეს არის ზუსტად ის თანხა, რომელიც მოხმარდება 300 ერთეული მიკროავტობუსის გამოსყიდვას, კომპანიის მიერ დამატებით 400 ერთეული მიკროავტობუსის შეძენას, ხოლო ამ გამოსყიდვისგან მიღებული საფასურით მერია კიდევ შეიძენს 300 ერთეულ მიკროავტობუსს. ჯამში ჩვენ გვეყოლება 1000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც მთლიანად ჩაანაცვლებს ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს.

უახლოეს დღეებში, ამ მიზნით, თბილისის მერია გამოაცხადებს ბაზრის კვლევას და დაიწყებს სატენდერო პროცედურას, რათა შევისყიდოთ დამატებითი რაოდენობა, რომლის მოწოდების ვადა განისაზღვრება წლის ბოლომდე. შესაბამისად, წელსვე შევძლებთ მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებას.

მინდა მადლობა გადავუხადო მერიის თანამშრომლებს, მათი დაუღალავი შრომით მართლაც მნიშვნელოვანი შედეგია მიღწეული.

Comments
Loading...