თბილისი “ღამის ეკონომიკის” საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

44

თბილისი “ღამის ეკონომიკის” საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ღონისძიება მიზნად ისახავს ურბანული დაგეგმარებისა და სწორი მართვის ფორმის შემუშავებას მდგრადი ღამის ეკონომიკის განვითარების მიზნით, რაშიც შესაბამისი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.

“მოგახსენებთ, რომ ჩვენი ფორუმის მთავარი მიზანია ღამის ეკონომიკის კონცეფციის განსაზღვრა, ქალაქში აუთვისებელი სივრცეების გააქტიურების გზების მოძიება, ადგილობრივი კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა, ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ვიზიტორების ჩართვა და ღამის თბილისის იმიჯის გაუმჯობესება.

გარდა ამისა, ღონისძიება ასევე მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ღამის ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის:

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების სწორი და მდგრადი სტრატეგიის შექმნა; მსოფლიოს წამყვანი ქალაქების ღამის ეკონომიკის გამოცდილების განხილვა – მათ შორის, წარმატებული მაგალითების განმსაზღვრელი ფაქტორების დადგენა; ინფრასტრუქტურის განვითარება, ღამის ტრანსპორტი – ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით, თუმცა მგონია, რომ ეს საკმარისი არ არის;

ლიცენზიები და ნებართვები, ეკონომიკური განვითარება,ურბანული დიზაინი, აუთვისებელი სივრცეების გააქტიურება – ჩვენ დედაქალაქში ბევრი გვაქვს ასეთი სივრცეები, რომელსაც სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება, ვფიქრობ, დღევანდელი დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ერთად განსვსაზღვროთ, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეს მიმართულება; ღამის ეკონომიკის სფეროში არსებული კვლევები; მრავალფეროვანი ღამის ცხოვრების დაგეგმვა; აკუსტიკური დანაგვიანება; კრეატიული ინდუსტრიის როლი და გავლენა ღამის ცხოვრების განვითრებაში.

იმედი მაქვს, ფორუმი თითოეული თქვენგანისთვის საინტერესო და პროდუქტიული იქნება, უცხოელ სტუმრებს კი ვუსურვებ სასიამოვნო და მრავალფეროვანი დღეების გატარებას ჩვენს დედაქალაქში.

საქართველო პატარა ქვეყანაა, ცოტანი ვართ ქართველები, თუმცა სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, ძალიან დიდი გული გვაქვს, გვიყვარს სტუმრები, გვაქვს მრავალფეროვანი სამზარეულო და მგონია, რომ დააგემოვნებთ ჩვენს სამზარეულოს და კმაყოფილი იქნებით, ასევე დედაქალაქში ძალიან ბევრი საინტერესო უბანია, შეგიძლიათ ნახოთ ძველი თბილისი, თუ როგორ ერწყმის ძველი და ახალი ერთმანეთს, გვაქვს ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლი, რომლითაც ვამაყობთ, ეს არის ჩვენი ქალაქის სიმდიდრე, გვაქვს ბევრი საინტერესო უბანი და მგონია, რომ დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ღამის ეკონომიკის განვითრების თვალსაზრისით. საქართველოში ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობა იზრდება, ასევე ელექტრონული მუსიკის თვალსაზრისით ჩვენი ქალაქი არის ერთ-ერთი მოწინავე ევროპულ საქალაქებს შორის. ჩვენ მზად ვართ და გვინდა გავიზიაროთ იმ საუკეთესო ქალაქების მაგალითები, სადაც ეს მიმართულება არის განვითარებული და სადაც კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...