თბილისის მერი: გარევაჭრობაზე თვალს თუ დავხუჭავთ, ქალაქში სრულ განუკითხაობას მივიღებთ

64

"გარევაჭრობაზე თვალს თუ დავხუჭავთ, ქალაქში მივიღებთ სრულ ქაოსსა და განუკითხაობას", – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო-კადრები, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ზედამხედველობის სამსახური გარემოვაჭრეებს არბევდა. კახა კალაძე განმარტავს, რომ თბილისში გარე ვაჭრობა კანონით არის აკრძალული.

"ჩვენ არავის არ ვართმევთ მოსავალს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ვიცავთ ქალაქს. ეს კანონი დღეს არ მიგვიღია და მე არ მიმიღია, თბილისში გარე ვაჭრობა კანონმდებლობით არის აკრძალული და ზედამხედველობის სამსახური ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ დაიცვას კანონი, რათა თბილისში აღიკვეთოს გარევაჭრობა.

დედაქალაქში არსებობს საჭირო სივრცეები, სადაც შესაძლებელია კანონის დაცვით განხორციელდეს ეკონომიკური საქმიანობა და არავინ არ არის შეზღუდული ამ მიმართულებით, თუმცა ცენტრალურ ქუჩებზე კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი საქმიანობის განხორციელება. თუ ჩვენ ამაზე თვალს დავხუჭავთ, ქალაქში მივიღებთ სრულ ქაოსს და განუკითხაობას. შესაბამისად კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს გარევაჭრობის აღკვეთა", – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ადამიანი, რომელიც აღნიშნულ ვიდეოში საუბრობდა, პროვოკაციულ ქმედებაში დაადანაშაულა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ კონკრეტულ ვიდეოში ადამიანი, ვინც იღებდა, საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს ის ჩამოვიდა ე.წ. მარშუტკიდან და მაშინვე ააცალეს ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ის 2-3 დღის განმავლობაში იდგა კონკრეტულ ადგილზე და ცდილობდა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების გამოწვევას, მოიხსენიებდა უხეში სიტყვებით, აყენებდა შეურაცხყოფას, აშკარად ჩანდა, ეს იყო პროვოკაცია. დავიწყეთ ამაზე მოკვლევა, დავავალე შესბამის სამსახურებს, დინამოს სტადიონის დირექციას მივმართეთ ოფიციალურად, რომ ამოგვეღო ვიდეო-კადრები და მოგაწვდით მათ, რომ ნათელი იყოს ყველაფერი. ეს ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში იმ კონკრეტულ ადგილზე ანხორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც კანონით აქვს აკრძალული და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების გაფრთხილების მიუხედავად არ დაემორჩილა მათ.  მესამე დღეს მოხდა კონფისკაცია, როგორც ეს კანონი გვავალდებულებს.

ჩვენი თანამშრომლების მხრიდან ცუდი იყო ის, რომ ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე იმყოფებოდნენ, არც კამერები იყო", – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე დაინტერესდა, როდის განხორციელდება ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა. შესაბამისი ინფორმაცია კი, მას მისმა მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ მიაწოდა.

"ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა ძლაიან მალე დასრულდება. შეძენილი გვაქვს უკვე სატრანსპორტო საშუალებები, საჭირო აღჭურვილობა და ელექტრონული მოწყობილობები, რომელიც ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს სჭირდებათ. ამ ეტაპზე იკერება ფორმები ზედამხედველობის თანამშრომლებისთვის. მზად ვართ,სექტემბრის ბოლოსთვის დავასრულოთ რეფორმადა საზოგადოებას წარვუდგინოთ განახლებული ზედამხედველობის სამსახური", – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ამასთან, თბილისის მერი გამოვიდა ინიციატივით, სურვილის შემთხვევაში გამოიყოს კონკრეტული ადგილი, კვირაში ერთხელ მოეწყოს ბაზრობა, სადაც ადამიანები ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას შეძლებენ.

"მივმართოთ გამგეობებს, თუ არის ამის საშუალება და სურვილი, გამოყავით კონკრეტული ადგილი, კვირაში ერთი დღე, მოვუწყოთ ამ ადამიანებს შესაბამისი იფრასტრუქტურა, ცივილურად, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში ხდება, მობრძანდნენ და ყოველგვარი გადასახადების გარეშე მივცეთ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების საშუალება.

Comments
Loading...