თბილისის მერია 8 მეტროსადგურზე პროექტის შეძენას აპირებს

35

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენ გაჟღერებული გვაქვს მეტროს სადგურების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება და ასევე ვაგონების რეაბილიტაცია, რომელიც უკვე დაწყებულია. სექტემბერში ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატა მეტროს, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სრულყოფილად მოვემსახუროთ იმ ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ მეტროთი ყოველდღიურად, ამიტომ თებერვალში კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება მეტროს და ჩვენ ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოცდის დრო შევამციროთ და გავზარდოთ მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა, გარდა ამისა მეტროსადგურების რეაბილიტაცია პრიორიტეტად რჩება ჩვენთვის, თქვენ იცით, რომ ვარკეთილის მეტროსადგური, რომელიც ჩამოინგრა და გვყავდა დაზარალებულებიც, ჩვენ მათ დროულად გამოვუცხადეთ მხარდაჭერა.

ამის პარალელურად, მეტროს საპროექტო დოკუმენტაცია გადაეგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და გაკეთებული შეფასებებიდან გამომდინარე შეიქნა აუცილებლობა, რომ დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს. საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და მშენებლობის დროს უპირველესი და უმნიშვნელოვანესი არის უსაფრთხოება, ის უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. ის პროექტები, რომელიც იყო განხორციელებული ვარკეთილის მეტროში, ვგულისხმობ ჭერის სამუშაოებს, შემიძლია უკვე დადასტურებულად გითხრათ, რომ არაფრად ვარგოდა და საპროექტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი.

ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს გვექნება სრული დოკუმენტაცია და მომავალი წლიდან დავიწყებთ მის განხორციელებას. ანალოგიური არის გურამიშვილის მეტრო სადგურთან მიმართებაში. ასევე, სამგორის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დეკემბრის ბოლოსთვის იქნება დასრულებული, ხოლო 2019 წლის იანვრის ბოლომდე დასრულდება მეტროსადგურ ავლაბრის რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, ჩვენ რვა მეტროსადგურზე ვაპირებთ პროექტების შეძენას და მომავალი წლიდან დავიწყებთ ამ რვა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მომავალ წლებში ყველა მეტროსადგურის პროექტი იქნება განხორციელებული და რეაბილიტაცია იქნება ჩატარებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და არეალების მოწესრიგება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.” – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...