თბილისის მერია ტაქსების რეგისტრაციას იწყებს

253

"ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია – ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირი დაკვეთაა და ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამაში ეს მოცემული გვქონდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი დაპირება და პრიორიტეტია", – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

''კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ჩვენ გვგონია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის, არის ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ეტაპობრივად გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება. თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს, ამიტომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას.

ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ეტაპობრივად განხორციელდეს ტაქსის სერვისის განვითარება იმგვარად, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვება ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს.

ჩამოთვლილი ღონისძიებები იმ კომპლექსური პროგრამის მხოლოდ ნაწილია, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ სატრანსპორტო სისტემის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ეფექტიანი და თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის დამკვიდრებისთვის. თბილისი აუცილებლად იქნება ჯანსაღი, საცობებისგან თავისუფალი და სიცოცხლით სავსე ქალაქი", – განაცხადა კალაძემ.

Comments
Loading...